უკრაინაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის გამო პოლონეთმა საკუთარი ავიაცია გააქტიურა
უკრაინაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო იერიშის გამო პოლონეთმა საკუთარი ავიაცია გააქტიურა

რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი მასირებული სარაკეტო იერიშის გამო პოლონეთმა საკუთარი ავიაცია გააქტიურა.

ამის შესახებ პოლონეთის არმიის ოპერატიულმა სარდლობამ სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა ინფორმაცია.

როგორც პოლონელმა სამხედროებმა აღნიშნეს, ისინი აკვირდებიან რუსეთის ინტენსიურ დარტყმებს ობიექტებზე, რომლებიც „მათ შორის, უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს“.

პოლონეთის მონაცემებით, რუსული ავიაციის მსგავსი გააქტიურება, რომლის დროსაც დასავლეთ უკრაინაში დარტყმები განხორციელდა, უკანასკნელად დაფიქსირდა 8 ივლისს. მაშინ რუსეთმა მასობრივი სარაკეტო დარტყმა მიიტანა კიევზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

პოლონელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო პროცედურა ამოქმედებულია.

როგორც ცნობილია, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა, ხოლო ვოლინის ოლქის ქალაქ ლუცკში მრავალსართულიანი სახლი დაზიანდა.