უკრაინაში საქართველოს საელჩოში ახალი სატრანსპორტო კორიდორის პრეზენტაცია გაიმართა
უკრაინაში საქართველოს საელჩოში ახალი სატრანსპორტო კორიდორის პრეზენტაცია გაიმართა

უკრაინაში საქართველოს საელჩოში აბრეშუმის გზის პროექტის „ერთი სარტყელი–ერთი გზა“ ფარგლებში ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კორიდორების განვითარების განხილვა გაიმართა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში გაკეთდა ხერსონისა და სკადოვსკის პორტების მოდერნიზაციის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული პორტების ჩართვას ახალ სატრანსპორტო დერეფანში ლიტვა (კლაიპედას პორტი) – ბელარუსი – უკრაინა (ხერსონის პორტი) – თურქეთი (ტრაპიზონის პორტი) – საქართველო – აზერბაიჯანი, აგრეთვე ახალი საბორნე მარშრუტის დანიშვნას ბათუმისა და ხერსონის პორტებს შორის.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ვიქტორ დოვგანმა, ხერსონის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი გორდეევმა და ხერსონის მერმა ვლადიმირ მიკოლაენკომ.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ხერსონისა და სკადოვსკის მერებმა და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში ბათუმსა და ხერსონს შორის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა.