უკრაინაში საქართველოს ელჩი აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული უკრაინელი მებრძოლის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ლვოვში, აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული უკრაინელი მებრძოლის, ლეონიდ ტკაჩუკის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას გამოჩენილი გმირობის, თავდადებისა და თავგანწირვისთვის, 1993 წლის ბრძანებულებით, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდო და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი აქვს მინიჭებული, ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი იდენტიფიცირებული პირიდან ის ერთ-ერთია. იდენტიფიცირებული პირები საქართველოში 2021 წლის 14 აგვისტოს დაკრძალეს, უკრაინელი სამხედრო კი ქართული მხარის ძალისხმევით, სამშობლოში იქნა გადასვენებული.
„აღსანიშნავია, რომ 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმის ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში იდენტიფიცირებული და გადმოსვენებულია 211 ნეშტი“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.