საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის კიევში დაბრუნების გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის კიევში დაბრუნების გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

როგორც საქართველოს პირველ არხს უწყების სპიკერმა, მარი ნარჩემაშვილმა განუცხადა, თეიმურაზ შარაშენიძის კიევში დაბრუნების გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.

„გიდასტურებთ, რომ უახლოეს მომავალში იქნება მიღებული გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნების თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ იგი გამოწვეული იყო დედაქალაქში კონსულტაციებზე. დღეს უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება, ისევე როგორც, ორი ქვეყნის ურთიერთობის დღის წესრიგი, ის საერთო გამოწვევები, რაც გვაქვს უკრაინას და საქართველოს, ასევე ზოგადად რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ბუნებრივია, მოითხოვს საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ადგილზე ყოფნას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ იგი (თეიმურაზ შარაშენიძე) დაბრუნდეს კიევში ახლო მომავალში იქნება მიღებული. ამ ეტაპზე ელჩის გამოცვლის საკითხი არ დგას და კიევში დაბრუნდება მოქმედი ელჩი“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.