უკრაინაში მიმდინარე ნატო-ს წვრთნებში ქართველი სამხედროებიც მონაწილეობენ
უკრაინის დასავლეთ ნაწილში ნატო-ს წვრთნები დაიწყო, რომელშიც 14 ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ. მათ შორის არიან ქართველი სამხედროებიც.
მანევრებში Rapid Trident სულ 2200 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ყველაზე დიდი კონტინგენტი უკრაინაში აშშ-დან ჩავიდა. წვრთნების დროს გამოყენებული იქნება 350 ერთეული სამხედრო ტექნიკა.
„წვრთნების მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას და მხარს უჭერენ უკრაინის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ეს განცხადება წვრთნების გახნის ცერემონიალზე უკრაინაში აშშ-ის ელჩმა მერი იოვანოვიჩმა გააკეთა.
ნატო-ს წვრთნები უკრაინაში რუსეთთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე იმართება, რომელიც 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ერთ კვირაში რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში ასევე გაიმართება სამხედრო წვრთნები. ეს მანევრები „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბური იქნება. სწავლებებში რუსი სამხედროების გარდა ჩინელი და მონღოლი ჯარისკაცებიც ჩაერთვებიან.