უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ.
„საელჩო კომუნიკაციაშია გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ სამი მებრძოლი. უწყების ცნობით, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში და უტარდებათ შესაბამისი მკურნალობის კურსი.
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან უკვე 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.