უკრაინაში კანადის ელჩი აცხადებს, რომ კანადა დაეყრდნობა უკრაინის პოზიციას ჩინეთის „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით
კანადა დაეყრდნობა უკრაინის პოზიციას ჩინეთის „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ უკრაინაში კანადის ელჩმა, ლარისა გალაძამ „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ელჩის თქმით, კანადა მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტის პოზიციას, რომელიც ითხოვს რუსული ჯარების გაყვანას.
„რამდენადაც მესმის, ზელენსკი მზად არის პირდაპირი საუბრისთვის ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან, უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით და დავეყრდნობით უკრაინის პოზიციას ამ გეგმასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ელჩმა.
მისივე თქმით, ზელენსკის სამშვიდობო ფორმულა შეიცავს სამართლიანი მშვიდობის ელემენტებს და კანადა მხარს უჭერს ამ პრინციპებს.
ჩინეთმა თებერვალში გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასასრულებლად, მაგრამ გეგმა არ შეიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს.