„ბლუმბერგი“ - აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია შიშობს, რომ შესაძლოა, ქვეყნების ნაწილმა ჩინეთის „სამშვიდობო გეგმას“ მხარი დაუჭიროს
„ბლუმბერგი“ - აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია შიშობს, რომ შესაძლოა, ქვეყნების ნაწილმა ჩინეთის „სამშვიდობო გეგმას“ მხარი დაუჭიროს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია შიშობს, რომ შესაძლოა, ქვეყნების ნაწილმა მხარი დაუჭიროს ჩინეთის „სამშვიდობო გეგმას“, რომელსაც თავად ვაშინგტონი მიუღებელს უწოდებს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

როგორც  გამოცემა სხვადასხვა ექსპერტსა და წყაროზე დაყრდნობით წერს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ „უხერხულ მდგომარეობაში“ აღმოჩნდნენ.

„ბლუმბერგის“ ცნობით, მანამდე აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა პეკინის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიმართ ღრმა სკეპტიციზმი გამოხატეს და განაცხადეს, რომ ჩინეთის „სამშვიდობო გეგმა“ თავისი არსით უკრაინაში რუსეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებზე მოსკოვის პოზიციებს ამყარებს.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ჩინეთის 12-პუნქტიან გეგმაში საუბარია ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე, ასევე ხაზგასმულია ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობა, თუმცა არ არის მოწოდება უკრაინიდან რუსული ძალების გაყვანის მოთხოვნით. მედიის ცნობით, ჩინეთის წინადადება ასევე მოიცავს მოწოდებას რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ.

„ბლუმბერგის“ მიერ გამოკითხული წყაროები აცხადებენ, რომ ვაშინგტონი, ფაქტობრივად, უარყოფს ჩინეთის ინიციატივას, თუმცა მისი სრულად იგნორირება არ შეუძლია, რადგანაც ეს მისცემდა შესაძლებლობას პეკინს, განუცხადოს სხვა ქვეყნებს, რომლებიც „გადაიღალნენ“ ომით, რომ აშშ სამშვიდობო დარეგულირების წინააღმდეგ გამოდის. გამოცემა წერს, რომ ახლა ვაშინგტონში მსჯელობენ, როგორ არ თქვან უარი საკუთარ პოზიციაზე უკრაინაში ომთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს არ დაუთმონ ინიციატივა ჩინეთს.