უკრაინაში დაკავებულ მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას, რომელიც უკრაინაშია დაკავებული, საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.
როგორც პირველ არხს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ქარდავამ თავშესაფრის მინიჭების თხოვნით უკრაინის შესაბამის ორგანოებს დაკავებისთანავე მიმართა.
უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ქარდავასთვის თავშესაფრის მინიჭების პროცედურები დასრულდება, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო არსებითად განიხილავს მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხს.
„მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხი განიხილება უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიერ და მას შეფარდებული ჰქონდა საექსტრადიციო პატიმრობა, რომლის მაქსიმალური ვადა არის დაკავებიდან ერთი წელი.
მეგის ქარდავამ დაკავებისთანავე მიმართა უკრაინის შესაბამის ორგანოებს თავშესაფრის მინიჭების თხოვნით. აღნიშნული საკითხი ამჟამად განხილვის ეტაპზეა. უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, პირისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, დაუშვებელია მისი ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტა.
შესაბამისად, ვინაიდან მეგის ქარდავას მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა იწურებოდა 2018 წლის პირველ ნოემბერს და მისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვა არ იყო დასრულებული, მის მიმართ გამოყენებული საექტრადიციო პატიმრობა შეიცვალა შინაპატიმრობით, რაც გულისხმობს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ შეზღუდვების დაწესებას, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნას მისი ექსტრადიციის საკითხის განმხილველ ორგანოში წარმოდგენა.
ამასთან, თავშესაფრის მინიჭების პროცედურების დასრულებისთანავე, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო არსებითად განიხილავს მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხი“,- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მეგის ქარდავას ექსტრადიცია მოითხოვება 11 სისხლის სამართლის საქმეზე, რასთან დაკავშირებითაც იგი გარკვეულ საქმეებზე დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.
საქართველოში, 10 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის 1 ნოემბერს დააკავეს. ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვს.
წინასწარი ინფორმაციით, ქარდავა უკრაინაში შეღწევას რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით ცდილობდა.