უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ალიკა ცაავა სამხედრო პატივით დაკრძალეს
უკრაინაში 16 აპრილს დაღუპული ქართველი მებრძოლი ალიკა ცაავა სამხედრო პატივით დღეს ზუგდიდში დაკრძალეს. მის ხსოვნას დილიდან პატივი მიაგეს სამოქალაქო და სამხედრო პირებმა.
ქართველი მებრძოლისთვის პატივის მისაგებად ზუგდიდში უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი ჩავიდა და ქართველი მებრძოლის ოჯახს მიუსამძიმრა.
„ორ თვეზე მეტია, რაც რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარეობს ოკუპაციური ომი. ომის პირველივე დღიდან ქართველები მოხალისეობრივად წავიდნენ უკრაინაში რათა დაეცვათ უკრაინის დამოუკიდებლობა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ უკვე გვყავს ათი დაღუპული. დღეს მე თბილისში ჩამოვედი, რათა უკანასკნელ გზაზე გავაცილო ჩვენი გმირი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე დათმო უკრაინის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ჩვენ სულ ვგრძნობთ ჩვენი ძმების, ქართველი ხალხის მხარდაჭერას“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა სერგეი კრავჩუკმა.
ამასთან, დაღუპული მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგეს საგანგებო ზალპით, სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა კი, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.
ალიკა ცაავა 16 აპრილს მაშინ დაიღუპა, როდესაც თანამებრძოლთან, ზაზა ბიწაძესთან ერთად ქალაქ რუბეჟნოიში დაღუპული ქართველი მებრძოლის, არკადი კასრაძის ცხედრის გამოსაყვანად მიდიოდნენ. დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი უკრაინაშიც გაიმართა.