უკრაინაში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს, რუსული აგრესიის საფრთხის გამო, ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს
უკრაინაში აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს, რუსული აგრესიის საფრთხის გამო, ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს.
საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების გაზრდილი საფრთხის გამო უსაფრთხოების ვითარება კვლავ არაპროგნოზირებადია, შესაძლოა, კიდევ უფრო გაუარესდეს და აშშ-ის მოქალაქეებმა უნდა განიხილონ გამგზავრება კომერციული ან სხვა კერძო სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით.
აშშ-ის საელჩო წერს, რომ აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ უკრაინის სახმელეთო გზით დატოვება, რამდენიმე ვარიანტი აქვთ. საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს სთავაზობს პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და მოლდოვის მიმართულებებს და აღნიშნულ ქვეყნებში შესასვლელად საჭირო რეგულაციებს აცნობს.
28 იანვარს, პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, უცხოური მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე, მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს და ჟურნალისტებს, „არ გააძლიერონ პანიკა“ რუსეთთან ომის გამო, რადგან ეს ზიანს აყენებს უკრაინის ეკონომიკას. ზელენსკიმ ასევე შეცდომა უწოდა უკრაინიდან გარკვეული ქვეყნების საელჩოების ზოგიერთი თანამშრომლის ევაკუაციას და აღნიშნა, რომ უკრაინა „არ არის ტიტანიკი, საიდანაც უნდა გაიქცეთ“.