წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ ზელენსკის პარტია მერის არჩევნებში უკრაინის უმსხვილეს ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქშიც დამარცხდა
უკრაინაში ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ხმების დათვლა მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნების საბოლოო შედეგები 3-5 დღეში გახდება ცნობილი, თუმცა ეგზიტპოლების მონაცემების მიხედვით, უკრაინის საოლქო ცენტრების უმეტეს ნაწილში მერების არჩევნების შედეგებს მეორე ტური განსაზღვრავს, რომელიც სამ კვირაში, 15 ნოემბერს გაიმართება.
წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მმართველი პარტია „ხალხის მსახური“ მერის არჩევნებში დამარცხდა უკრაინის უმსხვილეს ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქ კიევში.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს პარტიის „უდარის“ მიერ ორგანიზებული ხმების პარალელური დათვლის შედეგებით, არჩევნებში ვიტალი კლიჩკოს ამომრჩეველთა დაახლოებით 51 პროცენტმა მისცა ხმა, მისი პარტია კი დედაქალაქის საქალაქო საბჭოში ხმების 20 პროცენტით ხვდება. თუმცა ჩატარებული ორი ეგზიტპოლის მონაცემებით, კიევის მერის ვინაობას არჩევნების მეორე ტური განსაზღვრავს.
ამასთან, ორივე ეგზიტპოლის თანახმად, ვიტალი კლიჩკოს მთავარი მეტოქე გახდება მოძრაობის „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ კანდიდატი, ალექსანდრ პოპოვი, რომელიც კიევის მერის პოსტს ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობისას იკავებდა. ეგზიტპოლების შედეგებით, ვიტალი კლიჩკომ ამომრჩეველთა ხმების 46-48 პროცენტი დააგროვა, ალექსანდრ პოპოვმა კი, დაახლოებით ცხრა პროცენტი.
კიევში ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგები 6 ნოემბრამდე გამოქვეყნდება. მეორე ტური გაიმართება უკრაინის სხვა მსხვილ ქალაქებშიც, მათ შორის დნეპრში, ოდესასა და ლვოვში.
ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტიაში „ევროპული სოლიდარობა“ აცხადებენ, რომ ხმების პარალელური დათვლის შედეგებით, პარტია იმარჯვებს ლვოვის, ტერნოპოლის, როვენისა და კიევის საქალაქო საბჭოების არჩევნებში. პოროშენკოს განცხადებით „ევროსოლიდარობა“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც წარმოდგენილი იქნება უკრაინის ყველა საოლქო ცენტრში.
უკრაინის ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ დაახლოებით 37 პროცენტი შეადგინა, რაც 2015 წელს ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით, 10 პროცენტით ნაკლებია.
გარდა ამისა, ადგილობრივი არჩევნების პარალელურად, უკრაინაში ჩატარდა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული გამოკითხვა. ინიციატივის ფარგლებში, ამომრჩევლებს საარჩევნო უბნების გარეთ ინტერვიუერები ხუთ შეკითხვას უსვამდნენ. აღნიშნული ხუთი შეკითხვა ეხებოდა კორუფციისთვის სამუდამო პატიმრობას, დონბასის ოკუპირებულ ნაწილში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას, დეპუტატების რაოდენობის 300-მდე შემცირებას, სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის ლეგალიზებას, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ბუდაპეშტის მემორანდუმის გამოყენებას.
გამოკითხვის შედეგებს იურიდიული ძალა არ ექნება.