უკრაინასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილება შედის
უკრაინასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილება შედის. შესაბამის პროტოკოლს ხელი უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, სტეპან კუბიევმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მოაწერეს.
ინფორმაციას უკრაინის ეკონომიკის განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
ცვლილებები საშუალებას მისცემს უკრაინას და საქართველოს, ორმხრივი ვაჭრობისას საქონლის წარმომავლობის იდენტური წესები გამოიყენონ, ისარგებლონ პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის რეგიონული კონვენციით გათვალისწინებული პრეფერენციული წარმომავლობის წესებით, კერძოდ, დიაგონალური კუმულაციის ეფექტით.
როგორც ცნობილია, უკრაინამ აღნიშნული კონვენციის გამოყენება 2019 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო.
პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის კონვენცია გახლავთ ევროკავშირის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტი, რომელსაც ბრიუსელი სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის იყენებს.