უკრაინამ თურქეთს „მარცვლეულის დერეფნის“ რუსეთის გარეშე მუშაობის განახლების შესახებ შეთავაზება გადასცა
უკრაინამ თურქეთს „მარცვლეულის დერეფნის“ რუსეთის გარეშე მუშაობის განახლების შესახებ შეთავაზება გადასცა

უკრაინამ თურქეთს გადასცა შეთავაზება „მარცვლეულის დერეფნის“ რუსეთის გარეშე მუშაობის განახლების შესახებ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთში უკრაინის ელჩმა, ვასილი ბოდნარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ტერიტორიულ წყლებში არსებულ დერეფნებში ხომალდების მიმოსვლაზე შეზღუდვები არ არის.

„მარცვლეულის დერეფნის რუსეთის გარეშე მოქმედების წინადადება თურქულ მხარეს გადავეცით. ჯერჯერობით არ არის საბოლოო დადასტურება, თუმცა ვინაიდან ხომალდები უკვე დადიან რუმინეთის, ბულგარეთის, ასევე, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში და გადიან სრუტეებს შეზღუდვების გარეშე, ეს ნამდვილად არის რაციონალური გზა“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა.

ბოდნარის თქმით, ვინაიდან აღნიშნული ჰუმანიტარული დერეფნებით მიმავალი გემებისთვის საექსპორტო შეზღუდვები არ მოქმედებს, ამგვარი ალტერნატიული ვარიანტი, შესაძლოა, სიტუაციის დასარეგულირებლად იქნეს გამოყენებული.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს თურქეთსა და გაერო-ს შორის კომუნიკაცია უკრაინასთან და რუსეთთან მოლაპარაკებების შედეგებზე შეთანხმებული პოზიციის შესამუშავებლად. მოლაპარაკებების პროცესის მონაწილეები უკრაინასა და თურქეთს შორის უმაღლეს დონეზე კომუნიკაციას ელოდებიან. ელჩის ცნობით, ანკარასა და კიევს შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, უახლოეს დღეებში ან გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართოს.