უკრაინამ ნატო-ს რუსეთის მიერ ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღზე შესაძლო მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა
უკრაინამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთის მიერ ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღზე შესაძლო მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. შესაბამისი დოკუმენტი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას უკრაინის დელეგაციამ გადასცა. ანგარიშის დეტალების შესახებ კი უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა და დელეგაციის თავმჯდომარემ, ირინა ფრიცმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
უკრაინის დელეგაციის თავმჯდომარის თქმით, ანგარიში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეგიდით მოქმედი ათასობით სამეცნიერო აქტივობისა და საჯარო შესყიდვის ანალიზის საფუძველზე შედგა.
„მინიმუმ ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთი ჰემორაგიული ცხელებების ვირუსებს იკვლევს. მათ შორის არის ებოლაც. ამ საქმიანობას ვაქცინის შექმნის საფარველის ქვეშ ეწევიან. სინამდვილეში, ისინი საბჭოთა კავშირის გამოცდილებას უბრუნდებიან და ცდილობენ ებოლას და სხვა მძიმე ვირუსების კომბინაციას. ამის პარალელურად რუსეთში მიმდინარეობს კვლევები ახალ მომწამვლელ ნივთიერებაზე, რომელიც ქიმიურ იარაღს, ე.წ. ნერვულ აგენტებს შეიცავს“, – აღნიშნავს უმაღლესი რადის დეპუტატი.
ირინა ფრიცის თქმით, 2006 წელს ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობა, ასევე 2018 წელს სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი მასობრივი განადგურების იარაღს ქვეყნის საზღვრებს გარეთ იყენებს.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია