უკრაინამ ქართულ მხარეს მიხეილ სააკაშვილთან კონსულის შეშვების მიზნით მიმართა
უკრაინამ ქართულ მხარეს მიხეილ სააკაშვილთან კონსულის შეშვების მიზნით მიმართა

უკრაინის ხელისუფლებამ დაკავებულ მიხეილ სააკაშვილისთვის საკონსულო და სამართლებრივი დახმარების აღმოსაჩენად საქართველოს უკრაინის კონსულის შეშვება სთხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებას უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის კონსულის დაშვების საკითხზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დროებით რწმუნებულ სანდრო თოფურიას ესაუბრნენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ცნობით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ქართველმა დიპლომატმა უკრაინულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქეობის მქონე მიხეილ სააკაშვილის დაკავების გარემოებების შესახებ, ასევე მისთვის წარდგენილი ბრალდებების შესახებ.

„უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებების სრული დაცვის აუცილებლობას. აგრეთვე, მიმართა ქართულ მხარეს, დაუშვას სააკაშვილთან უკრაინის კონსული სამართლებრივი და საკონსულო დახმარების აღმოსაჩენად“, – განაცხადა ნიკოლენკომ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე დაუდასტურეს ქართველ დიპლომატს უკრაინის პრინციპული პოზიცია საქართველოს შიდა საქმეებში ჩაურევლობის შესახებ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ დააკავეს. სააკაშვილი რუსთავში, სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაშია გადაყვანილი.