უკრაინა კანადას მოუწოდებს, არ აჰყვეს კრემლის შანტაჟს და გააუქმოს გერმანიისთვის ბუნებრივი აირის ტურბინის დაბრუნების გადაწყვეტილება
უკრაინის ენერგეტიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება და გამოთქვეს ღრმა შეშფოთება კანადის გადაწყვეტილებაზე, გერმანიას დაუბრუნოს ბუნებრივი აირის ტურბინა, რომელიც მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის სრული დატვირთვით ასამუშავებლად არის განკუთვნილი.
ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ივნისის დასაწყისში, „გაზპრომმა“ შეამცირა გერმანიისთვის გაზის მიწოდება. კომპანიაში განაცხადეს, რომ სანქციების გამო, გერმანულმა კომპანია „სიმენსმა“ უარი განაცხადა ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის აუცილებელი ტურბინების შესაკეთებლად შესაბამისი ნაწილების გადაცემაზე, რის გამოც ტურბინების სრული დატვირთვით მუშაობა შეუძლებელი გახდა.
როგორც მედია წერს, კომპანია „სიმენსის“ მიერ კანადაში აშენებული ტურბინა მონრეალში იქნა გაგზავნილი სარემონტოდ და მისი უკან, გერმანიაში და შემდგომ „გაზპრომისთვის“ გადაცემა შეფერხდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს კანადას, ეპოვათ გზა ტურბინის დასაბრუნებლად, იმის შიშით, რომ რუსეთი აღნიშნულს „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის დახურვის საბაბად გამოიყენებდა და ამით ზიანს მიაყენებდა გერმანიის უნარს, ზამთრის წინ შეავსოს ბუნებრივი აირის მარაგები.
„ეს საშიში პრეცედენტი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობას და ექნება მხოლოდ ერთი შედეგი – გააძლიერებს მოსკოვის დაუსჯელობის გრძნობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინული მხარე აღნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია, გააგრძელოს გერმანიისთვის გაზის სრულად მიწოდება კანადაში არსებული ტურბინის გარეშეც. მათი ცნობით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის საკომპრესორო სადგური აღჭურვილია რამდენიმე ტურბინით, მათ შორის სარეზერვოთი, რომლითაც სრული დატვირთვით მუშაობა შეუძლია, თუმცა „გაზპრომის“ გადაწყვეტილებით, ახლა მხოლოდ სამი ტურბინა მუშაობს, ხოლო დანარჩენი გამორთულია ახსნა-განმარტების გარეშე. უწყებების განცხადებით, რუსეთს ასევე შეუძლია ბუნებრივი აირის მიწოდება უკრაინისა და პოლონეთის ტერიტორიაზე არსებული მილსადენების მეშვეობითაც, თუმცა უარს ამბობს ყოველგვარი მიზეზის ახსნის გარეშე.
„აქედან გამომდინარე, რუსეთის მოთხოვნა ტურბინის სავალდებულო დაბრუნების შესახებ გაზის ტრანსპორტირების გასაგრძელებლად, არის შანტაჟი, რომელსაც ტექნიკური დასაბუთება არ აქვს. უკრაინამ გერმანულ და კანადურ მხარეებს ამომწურავი ახსნა-განმარტებები მისცა. ორივე მხარემ დაადასტურა, რომ მათ ესმით, რუსეთის მოთხოვნას ტექნიკური საფუძველი არ აქვს, თუმცა რუსეთის უსაფუძვლო მოთხოვნებთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მაინც მიიღეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტროები აღნიშნავენ, რომ ტურბინის გადაცემა რუსეთს ევროპის წინააღმდეგ ენერგიის, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტის გამოყენების გაგრძელების საშუალებას მისცემს და კანადის მთავრობას მოუწოდებენ, შეცვალოს გადაწყვეტილება და უზრუნველყოს სანქციების რეჟიმის მთლიანობა.