უკრაინა და უნგრეთი იმუშავებენ შეთანხმებაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის პრობლემების მოგვარებისკენ იქნება მიმართული
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შეთანხმებაზე იმუშავებენ, რომელიც ორმხრივ პრობლემებს გადაჭრის.
ლიდერების მხრიდან შესაბამისი განცხადება კიევში შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.
ორბანმა და ზელენსკიმ აღნიშნეს, რომ მათი შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში დაგროვდა.
„ჩვენი დიალოგის შინაარსი, შესაძლოა, გახდეს საფუძველი სახელმწიფოებს შორის მომავალი ორმხრივი დოკუმენტისთვის, რომელიც დაარეგულირებს ჩვენს ურთიერთობას და დაფუძნებული იქნება ქვეყნებს შორის სარკისებრივ ურთიერთობებში“, – განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.
ვიქტორ ორბანიც, ასევე, მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებებმა ორი ქვეყანა ახალი შეთანხმების ხელმოწერასთან მიაახლოვა.
„გვსურს, გავაუმჯობესოთ ქვეყნებს შორის ურთიერთობები, გვინდა, ხელი მოვაწეროთ უკრაინასთან გლობალური თანამშრომლობის შეთანხმებას, ისეთსავე შეთანხმებას, როგორიც უნგრეთს სხვა მეზობლებთან აქვს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ უნგრეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის ეკონომიკის მოდერნიზაციას და ასევე, აპირებს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში უკრაინას დაეხმაროს.
„უკრაინას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ და უნგრეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ყველაფერში დაგეხმარებით, რაც შეგვიძლია“, – განაცხადა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.