ბულგარეთმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც, მხარს უჭერს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც კი საჭირო პირობები იქნება
უკრაინა და ბულგარეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარულ კომპანიებს უკრაინის რეკონსტრუქციაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა.
„ჩვენ განვიხილეთ სამხედრო დახმარება, რომელსაც ბულგარეთი აძლევს ჩვენს ქვეყანას, განვიხილეთ უახლესი თავდაცვის პაკეტის შესახებ კონკრეტული დეტალები. იმედი გვაქვს, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება, რომელმაც უკვე მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლაი დენკოვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე ლიდერებმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. გარდა ამისა, ზელენსკის დიპლომატიური მრჩევლის, იგორ ჟოვკას განცხადებით, ბულგარეთმა ხელი მოაწერა დეკლარაციას უკრაინის დასავლურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ.
ჟოვკას თქმით, ბულგარეთი გახდა 22-ე ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას.
„დოკუმენტი ნათლად აჩვენებს, რომ ბულგარეთი მხარს უჭერს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც კი საჭირო პირობები იქნება. უკრაინის გაწევრიანება ალიანსში ერთადერთი გზაა უსაფრთხოების საკმარისი დონის უზრუნველსაყოფად როგორც უკრაინის, ასევე მთელი ევროატლანტიკური ოჯახისთვის“, – განაცხადა იგორ ჟოვკამ.