უხვი ნალექის გამო გერმანიის რეგიონებში ასობით ავიარეისი გაუქმდა.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ზოგიერთ რეგიონში ძლიერად თოვს, ზოგან კი წვიმაა, თუმცა, ჰაერის დაბალი ტემპერატურის გამო, წვიმის სახით მოსული ნალექი მალევე იყინება და გზებზე სახიფათო მდგომარეობას ქმნის.
მხოლოდ მიუნხენის აეროპორტმა 250 რეისი გააუქმა. ბადენ-ვიურტემბერგის ადგილობრივი პოლიცია მრავალრიცხოვანი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ იუწყება. შეფერხებებია სარკინიგზო მიმოსვლაშიც.
ხელისუფლება მოსახლეობას ავტომობილით სარგებლობისგან თავის შეკავებისკენ და შეძლებისამებრ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.