უხანში მყოფი საქართველოს მოქალაქე - ამ ეტაპზე, არ განვიხილავ ევაკუაციის საკითხს
ამ ეტაპზე, არ განვიხილავ ევაკუაციის საკითხს, – ამის შესახებ ჩინეთის ქალაქ უხანში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, ნინო დავლიანიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ახალი კორონავირუსის გამო გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს და სახლიდან არ გადის.
„ქალაქში პანიკა არ იგრძნობა, ყველა ორგანიზებულად ყვება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც გაცემულია. ყველა ძალიან ფრთხილობს. სახლიდან დიდი ხანია, არ გავსულვარ, მაგრამ ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ქალაქში მაღაზიები გაიხსნა და პროდუქტის პრობლემა უკვე აღარ არის. მთავრობის რეკომენდაციებია, დავიცვათ მაქსიმალურად უსაფრთხოების წესები, ხელები დავიბანოთ ხშირად, სახლის დეზინფექცია მოვახდინოთ, გავანიავოთ ოთახები. ქუჩაში გასვლის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ვატაროთ პირბადე და მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს“, – აცხადებს ნინო დავლიანიძე.
მისივე თქმით, მას სისტემატურად უკავშირდებიან ჩინეთში საქართველოს საელჩოდან.
„საქართველოს საელჩოდან ყოველდღიურად მიკავშირდებიან, არკვევენ ჩემს მდგომარეობას და რამდენადაც ვიცი, საქართველოს მთავრობა მუშაობს ქართველების ევაკუაციის საკითხზე. საელჩო დამიკავშირდა მე, პირადად. აინტერესებდათ, ვიყავი თუ არა თანახმა. პირობებზე ჯერჯერობით არავინ დამლაპარაკებია. ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ჯობს, დავრჩე იქ სადაც ვარ.
ამ ეტაპზე, არ განვიხილავ ევაკუაციის საკითხს, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი ყველა პირობა, რა პირობებში მოგვიწევს ევაკუაცია და ა.შ. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არის. შესაბამისად, ამ მონაცემებით, რაც მაქვს, ვფიქრობ, რომ აქ დარჩენა არის ყველაზე სწორი და კარგი გამოსავალი.
ჩემთვის რამდენადაც არის ცნობილი, ჩვენი ევაკუაცია მოხდება მესამე ქვეყანაში ან შეიძლება, ჩინეთის რომელიმე უსაფრთხო ქალაქში. ზუსტად არ ვიცი, ეს ყველაფერი არის იდეის დონეზე. მომიწევს, ვიყო სხვა ადამიანებთან ერთად, მათთან ერთთან უნდა ვიმგზავრო და ვიყო კარანტინში უცხო ხალხთან ერთად 14 დღე. შესაბამისად, თუ უნდა ვიყო კარანტინში უცხო ადამიანებთან ერთად, მირჩევნია ვიყო იზოლირებულად ჩემთვის, მარტო სახლში“, – აღნიშნავს ნინო დავლიანიძე.
უხანში ამჟამად საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება.
ჩინეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს.