უხანში მყოფი საქართველოს მოქალაქე აცხადებს, რომ კარანტინის გამო სახლიდან არ გადის, საკვები და მედიკამენტები კი მომარაგებული აქვს
უხანში მყოფი საქართველოს მოქალაქე აცხადებს, რომ კარანტინის გამო სახლიდან არ გადის, საკვები და მედიკამენტები კი მომარაგებული აქვს

ჩინეთის ქალაქ უხანში მყოფი საქართველოს მოქალაქე ნინო დავლიანიძე აცხადებს, რომ კარანტინის გამო სახლიდან არ გადის, საკვები და მედიკამენტები კი მომარაგებული აქვს. ამის შესახებ მან საქართველოს პირველ არხს სატელეფონო საუბრისას განუცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლას ჯერ არ გეგმავს.

„ახლა სახლში ვარ, საჭმელი და წყალი მაქვს მომარაგებული. გარეთ არ გავდივარ. განსაკუთრებული არაფერი მჭირდება, ყველაფერი რიგზე მაქვს, სასმელიც, საჭმელიც და წამლებიც. ქალაქში კარანტინი არის გამოცხადებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის შეზღუდული. ქალაქში შემოსვლა და ქალაქიდან გასვლა აკრძალულია.

საქართველოს საელჩო ჩინეთში რეგულარულ კავშირზეა, დღეში ორჯერ, სამჯერ მაინც რეკავენ. დანარჩენ ორ ქართველთანაც მაქვს კონტაქტი და ისინიც ჯანმრთელად არიან. რამდენადაც ვიცი, ის გოგოებიც სახლში არიან და გარეთაც არ გადიან.

შვიდი თვის წინ წამოვედი სამუშაოდ და ჯერჯერობით არ განვიხილავ საქართველოში დაბრუნებას“, – განაცხადა ნინო დავლიანიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

ამასთან, ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ განაცხადა, რომ უხანში საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება, რომლებიც თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.