უხანის ლაბორატორიაში აცხადებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი მათთან მხოლოდ პანდემიის დაწყების შემდეგ მოხვდა
უხანში მდებარე ჩინეთის ვირუსლოგიური ინსტიტუტის დირექტორი აცხადებს, რომ ლაბორატორიაში მათ სამი ტიპის ღამურის კორონავრუსის შტამი აქვთ, თუმცა არც ერთი მათგანი არ ემთხვევა „კოვიდ-19“-ის შტამს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ადგილობრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს, ლაბორატორიის დირექტორმა, ვენგ იანუიმ უარყო ინფორმაცია, თითქოს „კოვიდ-19“ უხანის ლაბორატორიაში შეიქმნა.
„ეს სრული ფაბრიკაციაა, ჩვენმა ინსტიტუტმა პნევმონიის აქამდე უცნობი კლინიკური ნიმუში 30 დეკემბერს მიიღო. როდესაც პათოგენი გადავამოწმეთ, ის არც ერთ ჩვენს არსებულ ნიმუშს არ დაემთხვა და აღმოვაჩინეთ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსს შეიცავდა. ამის ადრეული ცოდნა აქამდე არ გვქონია, ეს ვირუსი აქამდე არასდროს შეგვხვედრია და არც გამოგვიკვლევია“, – აცხადებს ლაბორატორიის დირექტორი.