უისკონსინის პოლიციამ ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოზარდი დააკავა, რომელმაც კენოშაში აქციის დროს ცეცხლი გახსნა
უისკონსინის პოლიციამ ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 17 წლის მოზარდი დააკავა, რომელმაც ქალაქ კენოშაში საპროტესტო აქციის დროს ცეცხლი გახსნა. ის 2003 წელს დაბადებული კაილ რიტენჰაუზი აღმოჩნდა, რომელიც შტატის დატოვებას და მშობლიურ ილინოისში გამგზავრებას ცდილობდა. მას პირველი ხარისხის განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს ბრალი წაყენებული.
საპროტესტო გამოსვლები კენოშაში 23 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც პოლიციელმა 29 წლის ჯეიკობ ბლეიქს დაკავების დროს ზურგის არეში შვიდჯერ ესროლა. მომხდარმა მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია. ისინი ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას მოითხოვენ.
კენოშაში არეულობის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქალაქში პოლიციელთა დასახმარებლად ფედერალურ ძალებსა და ეროვნულ გვარდიას გაგზავნიან.