უიმბლდონის მორიგი სათამაშო დღე ქალების მეოთხედფინალებს დაეთმო.
პირველი ნახევარფინალური წყვილი გერმანელმა ანჟელიკ კერბერმა და ლატვიელმა ელენა ოსტაპენკომ შეადგინეს.
კერბერი ბოლო სამ წელიწადში მეორედ ითამაშებს ნახევარფინალში. მან საათსა და 28 წუთში მოუგო რუს დარია კასატკინას – 6:3, 7:5. გერმანელი მუდმივად წინ იყო, მაგრამ კასატკინა ძალიან გაუძალიანდა მეტოქეს. პირველ სეტში ერთხელ შეძლო უკუბრეიკის შესრულება, მეორე სეტში – სამჯერ, მაგრამ კერბერმა მაინც მოახერხა ორივე პარტიაში გადამწყვეტი ბრეიკის შესრულება. კასატკინა მაშინაც გაჯიუტდა, როცა გერმანელი მატჩზე აწვდიდა, მაგრამ კერბერმა მეშვიდე მატჩბოლით შეძლო მოგება და ნახევარფინალში გასვლა.
კერბერისგან განსხვავებით, პირველად ითამაშებს უიმბლდონის ნახევარფინალში ელენა ოსტაპენკო. ლატვიელი და მისი მეტოქე, სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა ძალიან კარგ ფორმაში შეხვდნენ მატჩს – მათ არც ერთი სეტი არ ჰქონდათ წაგებული.
პირველ სეტში ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიდიოდა, როცა ოსტაპენკომ ზედიზედ 9 გათამაშების მოგება შეძლო და 7:5 მოიგო სეტი. მეორე სეტში ბალტიისპირელმა ორი ბრეიკი შეასრულა, სლოვაკმა ერთით უპასუხა და ოსტაპენკო გახდა პირველი ლატვიელი ქალი, რომელიც უიმბლდონის ნახევარფინალში ითამაშებს.
ბოლო ორი მეოთხედფინალი ერთნაირი სცენარით წარიმართა – სერენა უილიამსმა და იულია გორგესმა წააგეს პირველი სეტი, მაგრამ მაინც მოახერხეს მოგება.
სერენა იტალიელ კამილა ჯორჯის ხვდებოდა, რომელსაც მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა მატჩში და ერთი გამოიყენა. სწორედ ამ ბრეიკის წყალობით მოიგო მან პირველი სეტი. ეს იყო სერენას პირველი წაგებული პარტია ტურნირზე. ამერიკელმა რვა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ რეალიზაცია უჭირდა. უილიამსმა მეორე და მესამე სეტებში თითო ბრეიკი შეასრულა და ესეც საკმარისი აღმოჩნდა მოსაგებად – 3:6, 6:3, 6:4.
იულია გორგესსაც გაცილებით მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ვიდრე მის მეტოქეს, ჰოლანდიელ კიკი ბერტენსს – 12 4-ის წინააღმდეგ, მაგრამ გერმანელმა კარგა ხანი ეს უპირატესობა ვერ გამოიყენა. გარდატეხა მეორე სეტის ბოლოსკენ მოხდა, როცა გორგესმა გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა და პარტიებში ანგარიში გაათანაბრა, მესამე სეტში კი იოლი გასეირნება გამოუვიდა.
ქალები
1/4 ფინალი
ოსტაპენკო (ლატ, 12)-ციბულკოვა (სლოვაკ) 7:5, 6:4
კერბერი (გერ, 11)-კასატკინა (რუს, 14) 6:3, 7:5
გორგესი (გერ, 13)-ბერტენსი (ჰოლ, 20) 3:6, 7:5, 6:1
ს. უილიამსი (აშშ, 25)-ჯორჯი (იტა) 3:6, 6:3, 6:4
1/2 ფინალი
ოსტაპენკო (ლატ, 12)-კერბერი (გერ, 11)
გორგესი (გერ, 13)-ს. უილიამსი (აშშ, 25)