„დიდი სლემის“ რიგით მესამე ტურნირზე – უიმბლდონზე მიმდინარეობს მამაკაცთა ძირითადი ბადის წილისყრა. გაირკვა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე – ეს არის 32 წლის ბრიტანელი ჯეიმს უორდი, რომელიც მსოფლიოს 205-ე ჩოგანია და ძირითად ბადეში უაილდ-ქარდის მეშვეობით მოხვდა.
ეს ჩოგბურთელები არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს პროფესიულ ტურში. უორდის საუკეთესო შედეგი „დიდი სლემის“ ტურნირებზე იყო 2015 წელს, უიმბლდონის მესამე წრეში გასვლა.
ბასილაშვილსა და უორდს შორის გამარჯვებული მეორე წრეში ბრიტანელ დანიელ ევანსსა და არგენტინელ ფედერიკო დელბონისს შორის მოგებულს შეხვდება. პირველი განთესილი, რომელიც შეიძლება ქართველს შეხვდეს, ტურნირის მე-13 ნომერი, ხორვატი მარინ ჩილიჩია.
ნიკოლოზ ბასილაშვილს ქულებს არ აქვს დასაცავი უიმბლდონზე – შარშან ის პირველივე წრეში დამარცხდა ფრანგ ჟილ სიმონთან.