უილიამ ბერნსი - დამატებითი დახმარების გარეშე 2024 წელს უფრო მეტ ავდეევკას ვნახავთ უკრაინაში, ეს იქნება უზარმაზარი ისტორიული შეცდომა აშშ-ისთვის
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაზე უარის თქმამ, შესაძლოა, წელს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგი გამოიწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ბერნსმა აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტში გამართულ მოსმენაზე აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინას მეათე ვიზიტით ეწვია.
როგორც ბერნსი აცხადებს, დამატებითი დახმარებით უკრაინა შეძლებს ფრონტზე პოზიციების გამყარებას 2024 წლის ბოლომდე და მომავალი წლის დასაწყისამდე, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, მოლაპარაკებები უფრო მყარი პოზიციიდან აწარმოოს.
„ვფიქრობ, რომ დამატებითი დახმარების გარეშე 2024 წელს ჩვენ კიდევ უფრო მეტ ავდეევკას ვნახავთ უკრაინაში და როგორც მგონია, ეს იქნება უზარმაზარი ისტორიული შეცდომა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, – თქვა ბერნსმა.