უფლებადამცველთა მონაცემებით, აღმოსავლეთ ღუტაში იერიშებს ბოლო სამ კვირაში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა
სირიის აღმოსავლეთ ღუტას რაიონში ბოლო სამი კვირის განმავლობაში სამთავრობო ძალების იერიშს 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა, მათ შორის 215 ბავშვი. აღნიშნულ მონაცემებს დიდ ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საბჭო (SOHR) ავრცელებს.
ამას გარდა, უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, 17 ადამიანია დაღუპული ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ დუმაზე განხორციელებული დარტყმების შედეგად.
ამასთან, ჰუმანიტარული ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ ინფორმაციით, პირველად სირიაში მოხალისე მაშველი ქალი დაიღუპა. ის იდლიბის პროვინციაში ავიადარტყმას ემსხვერპლა.
თებერვლის შუა რიცხვებში დაწყებული სამხედრო მოქმედებების შედეგად, სირიის სამთავრობო ჯარმა, რუსული ავიაციის დახმარებით, ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ ღუტას ნახევარი დაიკავა.
დამასკოს მახლობლად მდებარე აღმოსავლეთ ღუტა 2013 წლიდან სამთავრობო ძალების ალყაშია. აღნიშნულ რაიონში საკვების, სასმელი წყლის, მედიკამენტებისა და ელექტროენერგიის დეფიციტის პირობებში თითქმის 400 000 ადამიანია დარჩენილი.