უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, ბელარუსის სასამართლომ გერმანელ ექიმს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
ბელარუსში სასამართლომ გერმანელ ექიმს, 30 წლის რიკო კრიგერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ის სასამართლომ დახურულ პროცესზე ექვსი მუხლით ცნო დამნაშავედ, მათ შორის ტერორიზმსა და დაქირავებულ საქმიანობაში. ინფორმაციას ამის შესახებ ბელარუსში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნა“ავრცელებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ მინსკში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს გერმანიის მოქალაქეს, თუმცა უწყებას განცხადებაში სახელი არ დაუკონკრეტებია. სამინისტროს ცნობით, უწყება მოქალაქეს საკონსულო დახმარებას უწევს და ინტენსიურად მუშაობს ბელარუსის ხელისუფლებასთან. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ სიკვდილით დასჯას სასტიკ და არაჰუმანურ ფორმად მიიჩნევს და მთელ მსოფლიოში მის გაუქმებას უჭერს მხარს.
ბელარუსში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ვესნას“ ცნობით, კრიგერი „წითელი ჯვრის“ მედიკოსია. ის ბელარუსში 2023 წლის ნოემბრიდან არის დაპატიმრებული. ორგანიზაციაში არ იციან, შევიდა თუ არა ძალაში განაჩენი. „ვესნაში“ ვარაუდობენ, რომ კრიგერისთვის წარდგენილი ბრალდებები, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს უკრაინაში ბელარუს მოხალისე მებრძოლთა ჯგუფთან მის სავარაუდო კავშირთან.