უფლებადამცველების ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო ოპერაციას სირიის ჩრდილოეთში სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა
უფლებადამცველების ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო ოპერაციას სირიის ჩრდილოეთში სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სამხედრო ოპერაციას სირიის ჩრდილოეთში სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან სირიის არმიის ჯარისკაცები, ქურთი მებრძოლები და ერთი ჟურნალისტი.

დარტყმების ძირითადი სამიზნე თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქი კობანი და  მისი შემოგარენი იყო. გავრცელებული ცნობით, საერთო ჯამში, სირიის ჩრდილოეთში თურქეთმა 25 ავიაიერიში განახორციელა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახლად დაწყებული ოპერაციის ფარგლებში ქურთისტანის რეგიონსა და როჟავაში 89 სამიზნე დაიბომბა. ქურთული დაჯგუფების, „სირიის დემოკრატიული ძალების“ მეთაურმა თურქეთის სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით რეგიონში „დიდი კატასტროფის“ საშიშროებზე ისაუბრა.

თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ოპერაცია „კლანჭ-მახვილის“ ფარგლებში, მთავარი სამიზე ქურთული სამხედრო დაჯგუფებებია, რომლებიც სტამბოლის ტერაქტის უკან დგანან. ქურთები სტამბოლის აფეთქებასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფენ.