უფლებადამცველების ინფორმაციით, იდლიბში შეტაკებების შედეგად 15 სირიელი სამხედრო მოკლეს
სირიელი უფლებადამცველების ინფორმაციით, სირიის პროვინცია იდლიბში შეტაკებების შედეგად 15 სირიელი სამხედრო მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო საბჭო“ (SOHR) ავრცელებს, რომლის შტაბბინაც ლონდონში მდებარეობს.
მათივე ცნობით, შეტაკება სირიელ სამხედროებსა და მათ მოწინააღმდეგე უკანონო სამხედრო ფორმირებების წევრებს შორის მოხდა.
როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, სირიისა და რუსეთის ავიაციამ იდლიბში იერიშები შეწყვიტა, თუმცა ვითარება დაძაბული რჩება.
შეგახსენებთ, რომ იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, 5 მარტს რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ. ევროკავშირში ამ შეთნხმებას მიესალმნენ. როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება, პროვინციაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად არის აუცილებელი.