უფლებადამცველები - ამბოხებულების მიერ კონტროლირებად იდლიბში ავიადარტყმებს 38 ადამიანი ემსხვერპლა
სირიაში, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად იდლიბის პროვინციაზე განხორციელებულ ავიადარტყმებს სულ მცირე 38 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიაზე“ დაყრდნობით ავრცელებს. გარდაცვლილებს შორის ხუთი ბავშვია.
საჰაერო დარტყმები იდლიბის ჩრდილოეთ ნაწილში, სოფელ ზარდანაზე განხორციელდა. უფლებადამცველების განცხადებით, იერიში სავარაუდოდ, რუსულმა ავიაციამ განახორციელა.
დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი, მათგან ბევრის მდგომარეობა კრიტიკულია. უფლებადამცველების თქმით, ასევე მოსალოდნელია მსხვერპლთა რიცხვის ზრდა. მაშველები და მოხალისეები ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ.
იდლიბის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი სირიის უმსხვილესი რაიონია, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ.