უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელში ცვლილებები 2020 წლიდან შევა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილის, ირინე აბულაძის განცხადებით, უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელში ცვლილებები 2020 წლიდან შევა.
მისი თქმით, განათლების სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობს სხვადასხვა მოდელის დაფინანსებაზე, რომელიც გულისხმობს საბაზო დაფინანსებასა და ასევე მომავალში დიფერენცირებული გრანტების გაცემის შესაძლებლობას.
„გეგმის მიხედვით, 2019 წლის საშემოდგომო პერიოდისთვის გვინდა, რომ კანონში აისახოს ცვლილება და საბაზო დაფინანსების მოდელის ჩანაწერი გაჩნდეს. მსოფლიო ბანკთან ერთად ვამუშავებთ სხვადასხვა მოდელის დაფინანსებას. ეს გულისხმობს საბაზო დაფინანსებას და ასევე დიფერენცირებული გრანტების გაცემის შესაძლებლობას მომავალში. თუმცა, წელს ყველაფერი ისევე რჩება, როგორც არის დაფინანსების კუთხითაც და ფაკულტეტების კუთხითაც. ხოლო 2020 წლიდან გარკვეული ცვლილებები შევა. კონკრეტულად რა ცვლილებები შევა, ვერ მოგახსენებთ.
„ზაფხულამდე სხვადასხვა ფინანსური ვარიანტის ანალიზი მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, განსხვავებული სპეციფიკა არსებობს, გვაქვს დიდი უნივერსიტეტები და შედარებით მცირე რეგიონული სასწავლო უნივერსიტეტები, რომლებიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული დარგებისთვის და რეგიონებისთვის, ამიტომ დაფინანსების მოდელმა ცხადია, უნივერსიტეტებს უნდა მისცეს განვითარების შესაძლებლობა მიუხედავად იმისა, რომელი სპეციფიკის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ამ ფინანსური დათვლისა და მოდელირების შემდეგ შევიტანთ კონკრეტულ ცვლილებებს დაფინანსების წესში. რაც მთავარია, მიმდინარეობს უნივერსიტეტების რექტორებთან აქტიური კომუნიკაცია ამ თემაზე“, – განაცხადა აბულაძემ.
საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესის ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 7 თებერვალს ისაუბრა. განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ უწყება უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ მოდელთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად მუშაობს.