უძველესი ქართული ხელნაწერების საფუძველზე ანბანის სამი სახეობის შრიფტი შეიქმნება
უძველესი ქართული ხელნაწერების საფუძველზე ანბანის სამი სახეობის შრიფტი – „ანბანდიდი“, „გრაგნილი“ და „მედეა“ – შეიქმნება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის, კომპანია „ჯეპრასა“ და კალიგრაფ დავით მაისურაძის თანამშრომლობით შრიფტების დასამზადებლად ეროვნულ არქივში დაცული ძეგლები შეირჩა.
ასომთავრულს საფუძვლად დაედება IX საუკუნის გამორჩეული ხელნაწერი „ანბანდიდი სახარება“, ნუსხურს – XV საუკუნის კონდაკი „იოანე ოქროპირის ჟამისწირვა“, მხედრული შრიფტი კი XVII საუკუნის ძეგლის „იაზონისა და მედეას ამბავის“ მიხედვით შეიქმნება. შრიფტები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სრულიად უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი.
„მოხარული ვართ, რომ ხელნაწერი შრიფტების გალერეას – „ჯეპრას“ სპეციალურ პროექტს, რომელსაც საფუძველი 2019 წელს ჩაეყარა, სამი გამორჩეული შრიფტი შეემატება და ამით კიდევ უფრო შევუწყობთ ხელს ქართული დამწერლობის განვითარებასა და ქართული კულტურის პოპულარიზებას. იუნესკო-ს წარმომადგენლობაც ხომ გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ იმ ფაქტმა მოხიბლა, რომ ქართული დამწერლობის სამივე სახეობა დღესაც ცოცხალია, დღესაც გამოიყენება სასულიერო სასწავლებლებსა თუ ღვთისმსახურებაში და სკოლიდანვე ისწავლება სამივე მათგანი“, – განაცხადა ჯეპრას სპეციალური პროექტების მენეჯერმა რუსუდან უსტიაშვილმა.
საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსის, ქეთევან ასათიანის განცხადებით, საქართველოს ეროვნული არქივი, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ ნომინაციის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული.
„ნომინაციის გამარჯვებიდან ხუთი წლის საიუბილეოდ ჩვენ სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა პროექტში, რომელიც ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის თვალსაჩინო მაგალითია. ქართული ხელნაწერების იმ მდიდარი კოლექციიდან, რასაც ეროვნული არქივი ინახავს, შეირჩა სხვადასხვა ეპოქისა და შინაარსის გამორჩეული კალიგრაფიით შესრულებული ნიმუშები“, – განაცხადა ქეთევან ასათიანმა.
ამასთან, როგორც კალიგრაფმა დავით მაისურაძემ აღნიშნა, ეს შრიფტები – „ანბანდიდი“, „გრაგნილი“ და „მედეა“ – ულამაზესი კალიგრაფიით შესრულებულ ძველ ხელნაწერებს ეფუძნება.
„ანბანდიდი სახარების ასომთავრული შრიფტი IX საუკუნის სისადავეს ასახავს. ნუსხურ შრიფტში („გრაგნილი“) განვითარებული შუა საუკუნეების ხელოვნების დეკორატიულობა ჩანს. მხედრული შრიფტი („მედეა“) კი ჩემთვის განმანათლებლობის ეპოქასთან ასოცირდება. სამივე მარტივად კითხვადი და დახვეწილია, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ამ შრიფტებით შესრულებულ ნიმუშებს უახლოეს მომავალში ბევრგან ვიხილავთ,“ – განაცხადა დავით მაისურაძემ.
„ქართული ანბანის სამივე სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკომ 2016 წლის 30 ნოემბერს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. სწორედ ამ ფაქტის 5 წლის საიუბილეოდ საზოგადოება ახალ შრიფტებს – „ანბანდიდს“, „გრაგნილსა“ და „მედეას“ გაეცნობა.
ანბანის სამი სახეობის შრიფტების წარდგენა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 30 ნოემბერს გაიმართება.
ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.