ნუნუ მიცკევიჩი - ვატიკანის არქივში დაგვახვედრეს სულხან-საბა ორბელიანის დღემდე უცნობი ხელნაწერი, ეკატერინე ჭავჭავაძის არქივში შესაძლოა, დაცული იყოს ნიკოლოზ ბარათაშვილის სურათი
ნუნუ მიცკევიჩი - ვატიკანის არქივში დაგვახვედრეს სულხან-საბა ორბელიანის დღემდე უცნობი ხელნაწერი, ეკატერინე ჭავჭავაძის არქივში შესაძლოა, დაცული იყოს ნიკოლოზ ბარათაშვილის სურათი

ვატიკანში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და კათოლიკური განათლების კონგრეგაციის პრეზიდენტმა ჯუზეპე ვერსალდმა.

ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, მემორანდუმით მეცნიერებს, მკვლევრებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, იმუშაონ ვატიკანის ბიბლიოთეკებში, არქივებსა და მუზეუმების საცავებში. ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, მემორანდუმის საშუალებით შესაძლებელი იქნება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ვატიკანის არქივების თანამშრომლობა, რის შედეგადაც, ქართველი მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ვატიკანში დაცული მდიდარი საარქივო მასალა.

საქართველოს რადიოს გადაცემა „პიკის საათში“ ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა, რომ ზოგადად, ხელნაწერები არის ძიების პროცესში და მათი ადგილსამყოფელის დასადგენად მნიშვნელოვანია ზემოთ აღნიშნული მემორანდუმი.

„ვატიკანში რამდენიმე ხელნაწერი დაგვახვედრეს თვალსაჩინოებისთვის, რომ მათთან არის დაცული ქართული ხელნაწერები. ერთ-ერთი აღმოჩნდა სულხან-საბა ორბელიანის წერილი, ლამაზი კალიგრაფიით დაწერილი, რომელიც დღემდე არ იყო ცნობილი ჩვენი მკვლევრებისთვის. მეორე იყო პერგამენტზე დაწერილი გიორგი მეფის წერილი. ასე რომ, ვატიკანის არქივები ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვან ფურცლებს ინახავს, ხელნაწერებისა და დოკუმენტების სახით. მკვლევრების ნაწილი ფიქრობს, რომ ეკატერინე ჭავჭავაძის პირად არქივში, რომელიც ვატიკანშია დაცული, შესაძლოა, იყოს ნიკოლოზ ბარათაშვილის სურათიც“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის ინტერვიუ „პიკის საათში“ იხილეთ ბმულზე.