პანდემიის ერთ-ერთი შედეგი იყო რუტინული ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის შემცირება და იმუნიზაციის მაჩვენებლის კლება. შედეგად, 2022 წლის ნოემბერში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წითელა მსოფლიოს ყველა რეგიონში მოახლოებულ საფრთხედ გამოაცხადა.
ორგანიზაციის შეფასებით, 2021 წელს მსოფლიოში დაახლოებით 40-მა მილიონმა ბავშვმა ვერ მიიღო წითელს ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მაინც.
წითელა ვირუსული რესპირატორული დაავადებაა. გადადება კოვიდის მსგავსია და ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული წვეთებითა და აეროზოლებით. მსუბუქ შემთხვევებში, ინფექცია გამონაყარსა და ცხელებას იწვევს.
თუმცა, მწვავე შემთხვევებში მან შეიძლება გამოიწვიოს ენცეფალიტი (თავის ტვინის შეშუპება), სიბრმავე და პნევმონია. მსოფლიოში წელიწადში წითელას დაახლოებით ცხრა მილიონი შემთხვევა და მისგან გამოწვეული 128 000 სიკვდილი ფიქსირდება.
წითელას ვაქცინა ძლიერ ეფექტიანია და ის ან ცალკე კეთდება, ან სხვა ვაქცინებთან კომბინაციაში, მაგალითად, ყბაყურას და წითურას ვაქცინებთან ერთად (MMR).
უმეტეს ქვეყანას ორდოზიანი სქემა აქვს; პირველი დოზა 12 თვის ასაკში კეთდება, მეორე კი როდესაც ბავშვი ოთხი წლის გახდება.
ეს ვაქცინა ძლიერ მაღალ და ხანგრძლივ თავდაცვას უზრუნველყოფს და „დაავადების ვაქცინით პრევენცირების“ ნამდვილი სამოდელო მაგალითია. ორდოზიანი სქემა წითელას ინფექციისგან 99-პროცენტიან დაცვას უზრუნველყოფს.
განვითარებად ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებლები დაბალია, წითელათი დაავადებული ყოველი ათი ბავშვიდან ერთი კვდება. განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობა ძირითადად არავაქცინირებულ ადამიანებშია, ისიც წითელას ყოველი 1000 – 5000 შემთხვევიდან ერთი.
ვაქცინით პრევენცირებადი დაავადებების ახალი ეპიდემიების პოტენციალი მაღალია კონფლიქტის ზონებში და ლტოლვილთა პოპულაციებში.
დაავადების გამწვავების რისკს დიდად ზრდის ისეთი პრობლემები, როგორიც არის არასრულფასოვანი კვება; რესპირატორული ინფექციური დაავადებები დიდი შეშფოთების საგანია იმ ჰუმანიტარული ჯგუფებისთვის, რომლებიც მაგალითად, უკრაინელ ლტოლვილთა ჯგუფებთან მუშაობენ.
წითელა უკიდურესად ინფექციურია. მისი საბაზისო რეპროდუქციული რიცხვი (R0) — ანუ საშუალოდ რამდენი ადამიანი შეიძლება დააინფიციროს ერთმა ინფიცირებულმა, 12-სა და 18-ს შორის არის. შედარებისათვის, COVID-19-ის ომიკრონ ვარიანტის R0 მაჩვენებელი დაახლოებით 8,2-ია.
მოსახლეობის პროპორციას, რომელიც საჭიროა ვაქცინირებული იყოს, რათა გავრცელება კონტროლში დარჩეს და თანაც მინიმუმამდე შეამციროს საზოგადოებაში გადადების მაჩვენებელი, კოლექტიური იმუნიტეტის (ჯოგური) ზღვარს უწოდებენ (HIT).
მაგალითად, წითელას შემთხვევაში, ამ ჯადოსნურ რიცხვად მიიჩნევა მოსახლეობის 95 პროცენტის აცრა.
მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ამ ზღვარს ქვემოთ არის. მსოფლიოში წითელას ვაქცინის ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 71 პროცენტი, ერთი დოზით კი 81 პროცენტი. 2021-2022 წლის მონაცემების მიხედვით, ბრიტანეთში ბავშვების 89 პროცენტმა მიიღო წითელას ვაქცინის ერთი დოზა.
გლობალურად, ხუთ წლამდე ბავშვების სიკვდილის ყველა მიზეზის შემცირებაში მნიშვნელოვანი პროგრესია. 1990-დან 2019 წლამდე, წლიური სიკვდილიანობა 12,5 მილიონიდან 5,2 მილიონამდე შემცირდა. თუმცა, ვაქცინირების დაბალმა მაჩვენებელმა ეს წარმატება შეიძლება შეამციროს.
თუკი ბავშვი წითელას გადაურჩა, არსებობს მისი იმუნიტეტის გრძელვადიანი დაზიანების შესაძლებლობა, რასაც „იმუნური ამნეზიის ფორმას“ უწოდებენ. არავაქცინირებულ პოპულაციებში, წითელას მწვავე შემთხვევებში საშუალოდ 40 პროცენტით იკარგება ის ანტისხეულები, რომლებიც როგორც წესი, მიკრობებს ცნობენ.
წითელას მსუბუქი შემთხვევის შემდეგ, არავაქცინირებული ბავშვი ამ ანტისხეულების 33 პროცენტს კარგავს. შედარებისათვის, ჯანმრთელ საკონტროლო პოპულაციებში ჩატარებულმა გაზომვებმა აჩვენა, რომ ასეთივე ან უფრო ხანგრძლივი მიმდინარეობისას, ანტისხეულების დანაკარგი მხოლოდ 10 პროცენტია.
დეზინფორმაცია ფართოდ არის გავრცელებული
ანტივაქსერულმა კამპანიებმა მრავალი ჭორი და საზარელი ამბავი შეთხზა; ამის მაგალითია ყოფილი ექიმისა და ანტივაქსერი აქტივისტის, ენდრიუ ვეიკფილდის ცრუ ბრალდებები, რომ თითქოს, MMR ვაქცინა აუტიზმს იწვევს.
ზოგს ამის დღემდე სჯერა. მაგალითად, 2020 წელს აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა 18 პროცენტი აცხადებდა, რომ ძლიერ ან გარკვეულწილად სწორია იმის თქმა, რომ ვაქცინა აუტიზმს იწვევს.
კოვიდპანდემიის შემდეგ, დეზინფორმაცია კიდევ უფრო აზვირთდა. არსებობს რისკი, რომ დეზინფორმაციამ კიდევ უფრო დიდი მასშტაბები მიიღოს და გეგმურ იმუნიზაციაზე იმოქმედოს.
არავაქცინირებულ ადამიანებში წითელა ადვილად ვრცელდება და ძლიერ მწვავე ინფექციაა მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში. ვაქცინით პრევენცირებადი დაავადებებისგან უფრო მეტად დასაცავად, მთელ მსოფლიოში დიდია იმუნიზაციის კამპანიების საჭიროება.
ეს საჭიროება განსაკუთრებით გადაუდებელია განვითარებად ქვეყნებში და ისეთ მოწყვლად მოსახლეობაში, როგორიც არის ლტოლვილები და კონფლიქტის ზონები.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.