უძველესი ცივილიზაცია, რომლის გაქრობის მიზეზი კლიმატის ცვლილება გახდა - ახალი კვლევა
დაახლოებით 4000 წლის წინ, მდინარე ინდის ხეობაში არსებულმა განვითარებულმა ცივილიზაციამ თავის ქალაქები მოულოდნელად მიატოვა და ცარიელი შენობები ბედის ანაბარად დატოვა.
ჰარაპას კულტურას აყვავებული ადგილობრივი ეკონომიკა ჰქონდა და საკმაოდ შორს ვრცელდებოდა მისი კულტურათშორისი ვაჭრობა. თუმცა, ძვ. წ. 1800 წლისთვის მათ თავიანთ განვითარებული ქალაქები მიატოვეს და ჰიმალაის მთისწინეთში, უფრო პატარა სოფლებში გადასახლდნენ.
მკვლევართა განცხადებით, ამ მძიმე დაღმასვლის მიზეზი კლიმატის ცვლილება გახდა, რამაც მათ საკუთარი სახლების დატოვება აიძულა.
კლიმატის ცვლილების დღევანდელი მაღალი მაჩვენებლისგან განსხვავებით, მიზეზი მაშინ დათბობა არ ყოფილა. საქმე ეხებოდა მინი გამყინვარების ხანას, რამაც ნახევარსფეროებს შორის თერმული ბალანსის ცვლილება გამოიწვია, მუსონების რაოდენობა ზამთარში გაიზარდა, ზაფხულში კი შემცირდა.
ამან კი თავის მხრივ უარყოფითი გავლენა მოახდინა სოფლის მეურნეობაზე და გაჩნდა ჰარაპას ცივილიზაციას მოსახლეობის გამოკვების პრობლემაც. შესაბამისად, მათ მხოლოდ ერთი ლოგიკური არჩევანი დარჩათ — გადაადგილება.
გეოლოგ ლივიუ გოისანის განცხადებით, ზაფხულის შემცირებულმა მუსონებმა სოფლის მეუნეობა გაართულა ინდის ხეობის გასწვრივ, მაგრამ წვიმა უფრო ხშირად მოდიოდა მთისწინეთში.
მისი თქმით, ხმელთაშუა ზღვიდან მომდინარე ზამთრის შტორმები ჰიმალაებს ურტყამდა, წვიმას იწვევდა პაკისტანის მხარეს და იქ პატარა ნაკადულებს კვებავდა. მუსონების იმ წყალდიდობებისგან განსხვავებით, რომლებსაც ჰარაპას ცივილიზაცია იყენებდა, ეს შედარებით მცირე ოდენობის წყალი იყო, მაგრამ უფრო საიმედო.
მუსონების გადაადგილების მტკიცებულება ნაპოვნია არაბეთის ზღვის ფსკერის ქვეშ, დანალექებში. ნიმუშები გიოსანის ჯგუფმა რამდენიმე ადგილას აიღო და შეისწავლა.
ზამთრის მუსონების ერთ-ერთი ნიშანია ერთუჯრედიანი პლაქნტონი სახელად ფორამინიფერია. როცა მუსონი ზამთარში მოდის, ოკეანეებში წარმოიქმნება მცენარეთა და ცხოველთა სიცოცხლის ნამდვილი ტალღა. ძლიერ ქარებს საკვები ნივთიერებები ოკეანის ფსკერიდან ზედაპირზე ამოაქვს; ამ პროცესს აპველინგი ეწოდება.
დანალექებში ნაპოვნმა ფორამინიფერების ნამარხებმა ზამთრის მუსონები დაადასტურა. მათი იდენტიფიცირების შემდეგ, ჯგუფმა დანალექებში შემორჩენილი დნმ-ი შეისწავლა.
მწირი ჟანგბადის მქონე გარემოს გამო, ეს დნმ საკმაოდ კარგად იყო დაცული. დღის სინათლეზე წარსდგა თითქმის ყველაფერი, რაც მაშინ ცოცხლობდა.
მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, მათ მილიარდობით დნმ-ის მოლეკულის სეკვენსირება მოახდინეს, რამაც გამოააშკარავა დროთა განმავლობაში ეკოსისტემის ცვლილების ძალიან მაღალი რეზოლუციის მქონე სურათი.
შედეგად, მათ ადვილად გაარკვიეს, რომ ჰარაპას ცივილიზაციის დაღმასვლის პერიოდში, ინდის ხეობაში ფიქსირდებოდა ზამთრის მუსონების მატება და ზაფხულის მუსონების კლება.
უცნობია, როგორ გადაადგილდნენ ისინი ან რამდენ ხანს მოუნდნენ ისინი ამას, მაგრამ ერთი რამ ცხადია — ჰიმალაის მთისწინეთში არსებობა მათ დიდხანს არ შეეძლოთ. თანდათანობით წვიმები იქაც შემცირდა და ჰარაპას ცივილიზაციაც გაქრა.
მკვლევართა თქმით, უცნობია, არის თუ არა მათი გაქრობის მიზეზი მთლიანად კლიმატის ცვლილება, რადგან ამავე პერიოდში ამ რეგიონში მოვიდა ინდო-არიული კულტურა რკინის ხანის იარაღებით, ცხენებითა და ურმებით.
თუმცა ცნობილია, რომ კლიმატის ცვლილებამ ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არაერთი მიგრაციისას. გამყინვარების ხანამ წვლილი შეიტანა ადრეული ჰომო საპიენსის აფრიკიდან მიგრაციებში, კლიმატურმა რყევებმა კი რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა უძველესი ახლო აღმოსავლეთის სოფლის მეურნეობაზე.
გარდა ამისა, კლიმატის ცვლილებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა 1315 წლის დიდ შიმშილობაშიც, რომელმაც შუა საუკუნეების ევროპა დააჩოქა.
როგორც ჯიოსანის აცხადებს, სირიისა და აფრიკის შემთხვევაში, მრავალი მიგრაციის მიზეზი სწორედ კლიმატის ცვლილება ხდებოდა.
მისი თქმით, ახალი აღმოჩენა კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს არასასიამოვნო მომავლის შესახებ.
კვლევა ჟურნალ Climate of the Past-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია whoi.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.