უცნაური მაგნიტური ველი ეჭვქვეშ აყენებს ყველაფერს, რაც შავ ხვრელთა შესახებ ვიცით
პირველად ისტორიაში, ირმის ნახტომში მდებარე ერთ-ერთი შავი ხვრელის მაგნიტური ველი მეცნიერებმა ტალღის მრავალ სხვადასხვა სიგრძეში შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ იგი არ შეესაბამება აქამდე არსებულ წარმოდგენას.
ფლორიდისა და სან-ანტონიოს ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევართა ცნობით, შავი ხვრელის, სახელად V404 გედის მაგნიტური ველი იმაზე გაცილებით სუსტია, ვიდრე გვეგონა. აღმოჩენა, რომელიც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება შავ ხვრელთა მიერ ამოტყორცნილი ჭავლების ამჟამინდელ მოდელთა გადამუშავება მოგვიხდეს.
ჩვენგან 7800 სინათლის წლის მანძილზე, გედის თანავარსკვლავედში მდებარე V404 გედი არის ბინარული მიკროკვაზარის სისტემა, რომელიც შედგება ჩვენს მზეზე 9-ჯერ მასიური შავი ხვრელისა და კომპანიონი ვარსკვლავის — მზეზე ოდნავ პატარა, ადრეული წითელი გიგანტისაგან.
2015 წელს, სისტემა აკაშკაშდა და რამდენიმე კვირის განმავლობაში, აქტივობის კვალდაკვალ, პერიოდულად ენთებოდა, რადგან შავი ხვრელი თავისი კომპანიონი ვარსკვლავის მატერიას ჭამდა.
იმ დროისათვის, ის ცაზე ყველაზე კაშკაშა რენტგენული გამოსხივების ობიექტი იყო, მაგრამ როგორც NASA-ს მკვლევარი ელეონორა ტროია აღნიშნავს, „ჰქონდა განსაკუთრებული ცვალებადობა ტალღის ყველა სიგრძეში“, რაც უიშვიათეს საშუალებას იძლეოდა როგორც V404 გედის, ისე შავი ხვრელის კვებითი აქტივობის შესასწავლად.
სწორედ ამ დროს შეისწავლა სისტემა ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევრის, იგიტ დალილარის ჯგუფმა.
აქტიურობისას, შავ ხვრელებს გარს ერტყმის აკრეციის კაშკაშა დისკო, გრავიტაციული და ხახუნის ძალები კი შავ ხვრელში ჩამავალ მატერიას აცხელებს.
მატერიის ჭამისას, შავი ხვრელები გვირგვინიდან თითქმის სინათლის სიჩქარით გამოტყორცნიან პლაზმის უმძლავრეს ნაკადებს. გვირგვინი არის ცხელი, დაგრეხილი მატერიის რეგიონი აკრეციის დისკოს მაღლა და დაბლა.
როგორც წინა კვლევებმა აჩვენა, ამ გვირკვინებსა და მატერიის ნაკადებს აკონტროლებენ მძლავრი მაგნიტური ველები — და რაც უფრო ძლიერია შავ ხვრელთა მოვლენათა ჰორიზონტის სიახლოვეს არსებული მაგნიტური ველები, მით უფრო კაშკაშაა ამოტყორცნილი ჭავლები.
ასე იმიტომ ხდება, რომ როგორც მიჩნეულია, მაგნიტური ველები სინქროტრონის მსგავსად მოქმედებენ — აჩქარებენ მათში გამავალ ნაწილაკებს.
V404 გედის კვების მოვლენას დალილარის ჯგუფი სწავლობდა ოპტიკურ, ინფრაწითელ, რენტგენულ და რადიო ტალღის სიგრძეებში. მათ დააფიქსირეს სწრაფი სინქროტრონული გაციების მოვლენები, რამაც მაგნიტური ველის ზუსტი გაზომვის საშუალება მისცა.
ჯგუფის მონაცემებმა გამოავლინა, რომ ეს მაგნიტური ველები გაცილებით სუსტია, ვიდრე ამას ამჟამინდელი მოდელები პროგნოზირებდა.
„როგორც წესი, ეს მოდელები საუბრობს ბევრად ვრცელ მაგნიტურ ველებზე ნაკადების სათავეში, რაც ბევრის რწმენით, გვირგვინთან არსებულის ეკვივალენტი უნდა იყოს“, — უთხრა დალილარმა Newsweek-ს.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ ეს მოდელები შეიძლება ზედმეტად გამარტივდეს. განსაკუთრებით, შეიძლება, რომ თითოეულ შავ ხვრელს არ ჰქონდეს ერთი მაგნიტური ველის ღირებულება“.
თავად შავ ხვრელებს, არ გააჩნიათ მაგნიტური პოლუსები და აქედან გამომდინარე, არ გამოიმუშავებენ მაგნიტურ ველებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აკრეციის დისკოს გვირგვინის მაგნიტური ველები როგორღაც გამომუშავებულია შავი ხვრელის გარშემო არსებული სივრცის მიერ — პროცესი, რომელიც ამ ეტაპზე კარგად შესწავლილი არაა.
ეს შედეგები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არასწორია წინა აღმოჩენები, რომლებიც ძლიერ მაგნიტურ ველებზე მიუთითებდა, მაგრამ ნამდვილად გვთავაზობს, რომ დინამიკა შეიძლება ცოტათი უფრო გართულებული იყოს იმასთან შედარებით, როგორც აქამდე წარმოგვედიგინა.
ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ვერ დაადგინა, რომ გაციების მოვლენებზე დომინირებს სინქროტრონული პროცესები. თუმცა, არ მოუწოდებია მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იწვევს ნაწილაკთა აჩქარებას პირველ ადგილზე. როცა საქმე შავ ხვრელს ეხება, სულაც არაა გასაკვირი, რომ ეს აღმოჩენა ერთ შეკითხვას პასუხობს, მაგრამ იქვე ბადებს კიდევ უფრო მეტ ახალ კითხვას, რომლებზე პასუხის გაცემასაც, შემდეგი კვლევები სჭირდება.
„ჩვენ გვჭირდება შავ ხვრელთა ზოგადი გაგება“, — ამბობს სან-ანტონიოს ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარი კრის პეკჰემი.
„თუკი სამყაროს ძალიან ადრეულ წერტილში ჩავიხედავთ, უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ პერიოდში, ჩანს, რომ ყოველთვის იყო ძლიერი ურთიერთქმედება შავ ხვრელებსა და გალაქტიკებს შორის. როგორც ჩანს, შავი ხვრელებისა და გალატიკების დაბადება ერთმანეთთან ფარულ კავშირშია“.
„ჩვენ მიერ მიღებული შედეგები მოულოდნელია და მასში გარკვევას ჯერ კიდევ ვცდილობთ“.
კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Newsweek-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით