მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ ერთი უცნაური ტიპის ბაქტერიას შეუძლია სინათლე ენერგიად გარდაქმნას წარმოუდგენლად ბნელ გარემოშიც კი.
ერთ მშვენიერ დღესაც, მსგავსი ბაქტერია შესაძლოა, ადამიანებს მარსის კოლონიზაციასა და სხვა პლანეტებზე სიცოცხლის ძებნაში დაეხმაროს. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.
ციანობაქტერიების სახელით ცნობილი ორგანიზმები მზის სინათლეს შთანთქავენ და ენერგიას წარმოქმნიან, რა დროსაც გამოიყოფა ჟანგბადი. მაგრამ ამ დრომდე, მკვლევრებს მიაჩნდათ, რომ ამ ბაქტერიას მხოლოდ სპეციფიკური, მაღალი ენერგიის ტალღის სიგრძის სინათლის შთანთქმა შეეძლო. ახალი კვლევის ფარგლებში ირკვევა, რომ სულ მცირე ერთ სპეციფიკურ ციანობაქტერიას, სახელად Chroococcidiopsis thermalis-ი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ გარემოში ბინადრობს — შეუძლია შთანთქას წითელი (ნაკლებ ენერგიული) ტალღის სიგრძის სინათლე. ეს კი მას ბნელ გარემოში, მაგალითად ცხელი წყაროების სიღრმეში არსებობის საშუალებას აძლევს.
„ამ კვლევის შედეგად დგინდება ფოტოსინთეზის წარმართვისთვის საჭირო ენერგიის მინიმუმი. ფოტოსინთეზის ეს ტიპი კარგად შეიძლება მიმდინარეობდეს თქვენს ბაღში, ქვების ქვეშ“, — აღნიშნავს კვლევის თანაავტორი, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარი ჯენიფერ მორტონი.
ამ ორგანიზმთა მიერ სინათლის შთანთქმის უნარის მექანიზმის ფიზიკური მექანიზმის კვლევის შედეგად, მკვლვრებმა დეტალურად შეისწავლეს ფოტოსინთეზის მუშაობის პრინციპი. შედეგად, წარმოიშვა შესაძლებლობა, რომ მსგავსი დაბალი სინათლის ორგანიზმების გამოყენებით, ჟანგბადის გამომუშავება შესაძლებელია ისეთ ადგილებშიც კი, როგორიც მარსია.
„შეიძლება ეს სამეცნიერო ფანტასტიკის სიუჟეტივით მოგეჩვენოთ, მაგრამ კოსმოსური სააგენტოები და კერძო კომპანიები მთელი მსოფლიოდან, აქტიურად ცდილობენ, რაც შეიძლება მალე აქციონ რეალობად მსგავსი შესაძლებლობები. თეორიულად, ამ ტიპის ორგანიზმებით შესაძლებელია ფოტოსინთეზის წარმართვა და ადამიანთა სუნთქვისთვის საჭირო აირის წარმოქმნა მარსზე“, — ამბობს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი ელმარს კრაუსი.
მისი თქმით, დაბალ სინათლეს მორგებულ ორგანიზმებს, მაგალითად, ციანობაქტერიებს არსებობა შეუძლიათ კლდეების ქვეშ და თეორიულად, მათი გადარჩენა შესაძლებელია ისეთ მკაცრ გარემოშიც კი, როგორიც წითელ პლანეტაზეა.
თავდაპირველად მკვლევრებს მიაჩნდათ, რომ ქლოროფილის განსაკუთრებული პიგმენტი, რომელსაც ქლოროფილ f-ს უწოდებენ, ციანობაქტერიას სინათლის დაჭერაში ეხმარებოდა, მაგრამ არ შეეძლო მის ენერგიად გარდაქმნაში პირდაპირი მონაწილეობა.
მაგრამ როგორც ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის შედეგად დადგინდა, სინამდვილეში, ეს პიგმენტი მონაწილეობას იღებს ენერგიად გარდაქმნის პროცესში. ამავე დროს, ორგანიზმს ეხმარება დაბალი ტალღის სიგრძეებიდან ენერგიის დაჭერაში.
„ქლოროფილის ადაპტირება, რათა მან ხილული სინათლე შთანთქას, უმეტეს მცენარეთათვის ძალიან მნიშვნელოვანია ფოტოსინთეზის პროცესში. თუმცა, ჩვენმა კვლევამ გამოავლინა, რომ ე. წ. წითელი ქლოროფილები კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტებია დაბალი სინათლის პირობებში მიმდინარე ფოტოსინთეზის პროცესში“, — აღნიშნავს მორტონი.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ აღმოჩენამ შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინოს არამიწიერი სიცოცხლის ძებნაში. მორტონის თქმით, ამ პიგმენტთა ფლოურესცენციის ხელწერის ძებნამ შეიძლება, არამიწიერი სიცოცხლის პოვნამდე მიგვიყვანოს.
ასეთი ორგანიზმების დეტალური შესწავლა არა მხოლოდ გააფართოებს იმ ადგილებს, სადაც უნდა ვეძებოთ არამიწიერი ორგანიზმები, არამედ შემოგვთავაზებს, რა ვეძებოთ კონკრეტულად.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.