„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტების საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვა დასრულდა. კანონპროექტები განსახილველად წამყვან, იურდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

მანამდე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებს მხარდაჭერა სთხოვა, რომ კანონპროექტები, გარკვეული პირობით, განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადასცემოდა.

„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მხარს უჭერს გამჭვირვალობისა და ანგარიშგების პრინციპს, რაზეც, მგონი, თავდაცვის კომიტეტიც შემოგვიერთდება. ასევე, შემოგვიერთდება, დასკვნაში შევიტანოთ, რომ კანონპროექტში არსებულ ტერმინებს გადახედვა და შემდგომი დისკუსია სჭირდება. შესაბამისად, ამ პირობით ჩვენ გადავცეთ საკითხი წამყვან კომიტეტს. მინდა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს გთხოვოთ მხარდაჭერა, რომ ეს საკითხი განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცეს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კანონპროექტებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას იმსჯელებს. პროცედურის შესაბამისად, კანონპროექტები პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს. პლენარული სხდომის ფორმატში კანონპროექტების განხილვა მომავალ კვირაში მოხდება.

რამდენიმე კვირის წინ მოძრაობა „ხალხის ძალამ“ პარლამენტში დააინიცირა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. როგორც „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. მათივე ცნობით, ზემოაღნიშნული სუბიექტების უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, იმ სუბიექტებისთვის კი, რომლებიც თავს აარიდებენ რეგისტრაციას, გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრებმა განაცხადეს, რომ ჯარიმის გადახდა სუბიექტს არ ათავისუფლებს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებისაგან.

მოგვიანებით, მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დააინიცირა კიდევ ერთი კანონპროექტი „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც, მათი განმარტებით, ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანია.