დიმიტრი ხუნდაძე - „ხალხის ძალამ“ მიიღო გადაწყვეტილება, ინიცირება გაუკეთოს ახალ კანონპროექტს „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკულის ანალოგია
დიმიტრი ხუნდაძე - „ხალხის ძალამ“ მიიღო გადაწყვეტილება, ინიცირება გაუკეთოს ახალ კანონპროექტს „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკულის ანალოგია

„ხალხის ძალამ“ მიიღო გადაწყვეტილება, ინიცირება გაუკეთოს ახალ, ალტერნატიულ კანონპროექტს „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკულის ანალოგია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, გაკეთდება კანონის პირდაპირი თარგმანი, რომელსაც პარლამენტში წარადგენენ.

„„ხალხის ძალის“ მიერ ახალი კანონპროექტის წარდგენის შემდეგ, მალევე განვაცხადეთ, თუკი „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თაობაზე, რომელიც არის ამერიკული ვარიანტის ქართული ანალოგი და უფრო ლიბერალურია, იქნებოდა სპეკულაციები, ჩვენ წარვადგენდით ალტერნატიულ, სუფთა ამერიკულ კანონს. ამიტომ, „ხალხის ძალამ“ მივიღეთ გადაწყვეტილება, ინიცირება გავუკეთოთ ახალ ალტერნატიულ კანონპროექტს, „უცხოური აგენტის აქტის“ რეგისტრაციის შესახებ კანონს, რომელიც არის ამერიკულის ანალოგი. ჩვენ გავაკეთებთ პირდაპირ თარგმანს და დავაინიცირებთ კანონს. ამისთვის დაგვჭირდება ერთი-ორი დღე. მინდა, გითხრათ, რომ თავიდან „ხალხის ძალის“ დეპუტაციამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ შინაარსის კანონი წარგვედგინა. ჩვენ გავაცანით ის უმრავლესობის ლიდერს და ამ შეხვედრას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეც. თავიდანვე გვქონდა შეთავაზება, პარლამენტისთვის განსახილველად წარგვედგინა ამერიკული ვარიანტის პირდაპირი ანალოგი, მაგრამ მათ მიერ იყო წინადადება, რომ უფრო ლიბერალური კანონი განგვეხილა და არ წარგვედგინა პირდაპირ ამერიკული კანონი.

მივიღეთ მათი შემოთავაზება და ავიღეთ უფრო ლიბერალური, რომელიც ეფუძნებოდა ამერიკულ ვარიანტს და წარვადგინეთ პარლამენტში, გავაკეთეთ მისი ინიცირება. ჯერ საკომიტეტო განხილვები არ დაწყებულა, სამაგიეროდ, დაიწყო აქტიური, ისტერიული სპეკულაციები ამის გარშემო, თითქოს არის რუსული კანონპროექტის ანალოგი, რასაც ამასთან არავითარი საერთო არ აქვს.

არავითარი აკრძალვის მექანიზმები ჩვენ მიერ ინიცირებულ ქართულ ვარიანტში არ იკითხება და ის შიშები, სპეკულაციები არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. რადგან ასე წარიმართა პროცესი, მივიღეთ გადაწყვეტილება, წმინდა ამერიკული ვარიანტი, ერთი-ერთში ნათარგმნი, ალტერნატიული პროექტის სახით წარმოვადგინოთ. საზოგადოებასაც, ოპონენტებსაც მსჯელობის უფრო მეტი საშუალება ექნებათ და სპეკულაციის სივრცე არ დარჩებათ. გარდა იმისა, რომ უმრავლესობა, „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს ამ კანონპროექტს, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, არ დარჩებათ სპეკულაციის საფუძველი ჩვენს ოპონენტებს, ოპოზიციას და ისინიც მხარს დაუჭერენ“, – განაცხადა ხუნდაძემ.