უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად მინსკიდან სამი ავიარეისი შესრულდება
საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, კომპანია „ბელავია“ 3, 10 და 17 მაისს განახორციელებს ეპიზოდურ ჩარტერულ რეისებს მინსკი-თბილისის მიმართულებით. ინფორმაციას ამის შეახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან მინსკი-ერევნის ტრანზიტულ მიმართულებაზე საქართველოს მოქალაქეების მზარდმა ნაკადმა განაპირობა. როგორც ცნობილია, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სისტემატიურად სარგებლობენ აღნიშნული ტრანზიტული მარშრუტით, რის შემდეგაც სომხურ მხარესთან თანამშრომლობით ხდება მათი გამომგზავრება სომხეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე.
საწყის ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება მინსკიდან თბილისის მიმართულებით სამი რეისის შესრულების შესახებ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბელავიას ვებგვერდზე: https://belavia.by/
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოში რეისებს ახორციელებს კომპანია Georgian Airways.
2020 წლის 25 აპრილის მონაცემებით, სახელმწიფოს ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა 7 786 მოქალაქე.
საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:
27 აპრილი – ვარშავა-თბილისი
30 აპრილი – მადრიდი-თბილისი
2 მაისი – პრაღა-თბილისი
5 მაისი – ათენი-თბილისი
7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი
9 მაისი – ბერლინი-თბილისი.