უცხოეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადავიდნენ, თუ სასაზღვრო პუნქტებზე ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებულ „პისიარ“ ტესტის პასუხს წარადგენენ
უცხოეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადავიდნენ, თუ სასაზღვრო პუნქტებზე ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებულ „პისიარ“ ტესტის პასუხს წარადგენენ

იზოლაციისა და კარანტინს წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს, შესაძლებლობა ექნებათ, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადავიდნენ, თუკი სასაზღვრო პუნქტებზე წარადგენენ საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებულ „პისიარ“ კვლევის დამადასტურებელ საბუთს. „პისიარ“ ტესტის ვერწარმოდგენის შემთხვევაში, პირი დაექვემდებარება სავალდებულო წესით საკარანტინე სივრცეში გადაყვანას.

იგივე წესი მოქმედებს ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებისა და მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირების მიმართ, როდესაც ისინი ამავე ქვეყნებიდან საჰაერო გზით მოემგზავრებიან.

ეს ქვეყნებია: ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, სლოვენია, ისლანდია.

აღნიშნული წესი არ ეხება უცხოელ სტუდენტებს. მათთვის სავალდებულოა უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული „პისიარ“ კვლევის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა და 12-დღიანი კარანტინი, საკუთარი ხარჯებით.

საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან:

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები. მათ სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული „პისიარ“ კვლევის დამადასტურებელი საბუთი;

გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეები, ასევე, ამავე ქვეყნების მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, თუ საქართველოში მოემგზავრებიან საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან. მათ სასაზღვრო პუნექტებზე უნდა წარადგინონ საქართველოში შესვლამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული „პისიარ“ კვლევის დამადასტურებელი საბუთი ან შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ „პისიარ“ ტესტირება.

აღნიშნული პირები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაექვემდებარებიან იზოლაცია/კარანტინს, თუ სპეციალურ ელექტრონულ ანკეტაში, რომლის შევსებაც გამომგზავრებამდე უნდა მოხდეს, ბოლო 14 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ ქვემოთ მითითებული 18 ქვეყნის გარეთ მოგზაურობა, ან ჩატარებული „პისიარ“ კვლევის შედეგად დაუდასტურდებათ ახალი კორონავირუსის არსებობა: გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, სლოვენია, ისლანდია.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.