უცხოელი ვიზიტორი საქართველოში საკვებსა და სასმელზე საშუალოდ 307 ლარს ხარჯავს
„საქსტატი“ 2018 წლის უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემებიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტი თანხა ვიზიტორებმა შარშან საკვებსა და სასმელზე დახარჯეს.
2018 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 7.9 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 37.4 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 21.8 პროცენტით გაიზარდა და 1082 ლარი შეადგინა.
საკვებსა და სასმელზე ვიზიტორებმა ჯამში 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს, რაც ერთ ვიზიტზე საშუალოდ 307.6 ლარია.
მეორე პოზიციაზე განთავსების ხარჯებია, რაზეც 1.8 მილიარდი ლარი მიიმართა – ერთ ვიზიტზე საშუალოდ 248.5 ლარი.
გართობაზე მთლიანმა ხარჯმა შარშან 1.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ერთ ვიზიტზე საშუალოდ 194.8 ლარს შეადგენს.
საქსტატის მონაცემებით, უცხოელი ვიზიტორი საშუალოდ 150.7 ლარს ხარჯავს საყიდლებზე, 77.4 ლარს ადგილობრივ ტრანსპორტზე, 71.7 ლარს ხანგრძლივი მოხმარების საგნებზე, 5.8 ლარს ძვირფას ნივთებზე.