უჩა უჩანეიშვილი - პროექტი, რომლისთვისაც მსოფლიო ბანკიდან 62 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა, დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს შორის ენერგოკავშირს გააძლიერებს
პროექტი, რომლისთვისაც მსოფლიო ბანკიდან 62 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის ენერგოკავშირის გაძლიერებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილმა განაცხადა.
ასევე, მისი თქმით, ახალი 500 კილოვოლტიანი ხაზის და ქვესადგურის მშენებლობა დაიწყება.
„თანხა, 62 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც გამოიყოფა, არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის ენერგოკავშირის გაძლიერებას, ახალი 500 კილოვოლტიანი ხაზისა და ქვესადგურის მშენებლობა დაიწყება, ასევე დამატებით მოხდება მდინარე ენგურის აუზის სიმძლავრეების გამოტანა. პირველ რიგში, ეს მოსახლეობას მისცემს საიმედოობას, ქსელის საიმედოობა იზრდება, სისტემაში ნებისმიერი შეფერხებები უკვე არანაირ გავლენას არ მოახდენს“, – განაცხადა უჩანეიშვილმა.
მისი განმარტებით, პროექტის განხორციელებას სამი წელი დასჭირდება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა, დღეს ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას 62 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით, რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის დაფინანსებით (IBRD) ენერგომომარაგების საიმედოობის და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის განსახორციელებლად.