მსოფლიო ბანკის დახმარებით, საქართველო ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებს გაზრდის
მსოფლიო ბანკის დახმარებით, საქართველო ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებს გაზრდის

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა, დღეს ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას  62 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით, რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის დაფინანსებით (IBRD) ენერგომომარაგების საიმედოობის და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის განსახორციელებლად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ აღნიშნული სესხი საქართველოსთვის 2019 წლის 24 მაისს დაამტკიცა.

უწყება განმარტავს, რომ პროექტი მიზნად ისახავს ენერგომომარაგების საიმედოობის ზრდას დასავლეთ საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (GSE) ფინანსური სიჯანსაღის უზრუნველყოფას და მის დახმარებას გრძელვადიანი კომერციული დაფინანსების მოპოვებაში. აღნიშნული მიზნის მიღწევა კი, სამი კომპონენტის საშუალებითაა დაგეგმილი – ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის გაძლიერება, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) ფინანსური გაჯანსაღების და კაპიტალის ბაზრებთან წვდომის მოსამზადებელი სამუშაოს მხარდაჭერა და სსე-ს დახმარება გრძელვადიანი კომერციული დაფინანსების მიღებაში.

„პროექტი გაზრდის ელექტროენერგიის მიწოდებასა და უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვის პრევენციას, ის ასევე დაეხმარება სახელმწიფო ელექტროსისტემას გაცილებით მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო რესურსის გამოყენებაში“, – აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს განვითარების პროცესში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის“ შედეგები საბოლოოდ ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, მეწარმეთა თუ მეურნეთა პროდუქტიულობაზე უნდა აისახოს“, – განაცხადა ფინანსთა მინსტრმა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ენერგოსექტორში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები წარმატებით დასრულდა. დერეგულირებასა და პრივატიზაციაზე მიმართულმა ფართომასშტაბიანმა მარეგულირებელმა და საბაზრო რეფორმებმა ხელი შეუწყო ენერგეტიკის სფეროში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და დარგის სუბიექტების ფინანსური ოპერაციების გამჭვირვალობის ამაღლებას.

„გატარებული რეფორმების შედეგად ენერგოსექტორი გამოვიდა თითქმის სრული ოპერაციული და ფინანსური კოლაფსიდან და ახლა წარმოდგენილია ადეკვატური ფინანსური მდგომარეობის მქონე კომპანიებით, რომლებიც ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებას უზრუნველყოფენ. მარეგულირებელი ჩარჩო ზოგადად მტკიცეა, მაგრამ კვლავ რჩება გარკვეული გამოწვევები. პროექტი საქართველოს მთავრობას დაეხმარება მათ გადაწყვეტაში ენერგეტიკის სფეროში არსებული სტრატეგიის შესაბამისად“, – აღნიშნულია ოფიციალურ პრესრელიზში და მკთიტებულია და მითითებულია, რომ  პროექტი სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიასთან (2019 – 2022 წწ.) და ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობას ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილით დადგენილი მიზნების შესრულებაში.