უჩა ძოძუაშვილი - საავიაციო მიმართულების გაძლიერებაში დიდ ძალისხმევას ჩავდებთ
სსიპ სამხედრო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენთან“ [სს „თამ“] ახალი ხელშეკრულების საფუძველზე, საავიაციო ქარხნის ბაზის გაძლიერებასა და ქარხანაში ახალი საექსპორტო პროდუქტების შემოტანას გეგმავს. ახალ პროდუქტებს შორის ე.წ. „ჰაერი – ჰაერი“ კლასის რაკეტების „მიწა – ჰაერის“ ტიპის რაკეტებად კონვერტირების პროექტი განიხილება. ამის შესახებ „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა, უჩა ძოძუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში დღეს განაცხადა.
გადაცემაში ქართული სამხედრო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი განიხილეს, რომელსაც ძირითადად „დელტა“ აწარმოებს და ექსპორტზეც გააქვს. გადაცემის მსვლელობისას აღნიშნა, რომ „დელტას“ „თბილავიამშენთან“ სულ ახლახანს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ქარხნის ტერიტორიაზე არსებული მწყობრიდან გამოსული დანადგარების გამართვისა და გამოყენების უფლება მიეცა. ძოძულაშვილის განმარტებით, ამ უფლებას და საერთაშორისო ბაზარზე საკუთარ რეპუტაციას „დელტა“ საავიაციო მიმართულების გაძლიერებისათვის გამოიყენებს.
„თავისი ოპერირების განმავლობაში „დელტამ“დიდი რეპუტაციული აქტივი დააგროვა, რაც ისეთი ქვეყნების ძალოვანი უწყებების გარკვეული სისტემებით მომარაგებაში გამოიხატება, როგორიცაა აშშ-ი, საუდის არაბეთი, ინდონეზია, ბანგლადეში და სხვა. ამან საშუალება მოგვცა, საავიაციო ქარხანას დავხმარებოდით და ისეთი დიდი კონტრაქტები გავაფორმებინეთ, როგორებიცაა ფიქსირებული ფრთის ავიაცია „სუ-25“ ტიპის თვითმფრინავზე, ასევე ვერტმფრენების მხარდამჭერი ხელშეკრულებები და რაც საავიაციო წარმოების გვირგვინად ითვლება – სარაკეტო სისტემები. კონკრეტულად, ე.წ. „ ჰაერი – ჰაერი“ კლასის რაკეტების რემონტი ერთ-ერთი ქვეყნისთვის. მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რაშიც ჩვენც აქტიურად ვართ ჩართული, რომ შემოვიდეს როგორც „ ჰაერი – ჰაერი“ კლასის რაკეტების „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტებად კონვერტირების პროექტი, ასევე ახალი რაკეტების მიწოდება სხვადასხვა ქვეყნისთვის, რის მიმართაც უკვე დიდი ინტერესი იკვეთება“, – განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა.
მისი თქმით, სწორედ აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ გაფორმდა ხელშეკრულება თბილავიამშენთან მწყობრიდან გამოსული ჩარხებისა და დანადგარების გამოყენების შესახებ.
„ზუსტად ამ გამოწვევის საპასუხოდ არის გაფორმებული ეს შეთანხმება, რაც გულისხმობს, რომ ჩარხ-დანადგარები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საავიაციო წარმოების მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით „დელტამ“ თავისი რესურსით აღადგინოს და საუკეთესო მდგომარეობამდე მიიყვანოს. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ შემდეგში უფრო დიდი შეკვეთები და უფრო კმაყოფილი მომხმარებელი მივიღოთ. იმ რეპუტაციულ აქტივს, რაც დღეის მდგომარეობით გაგვაჩნია, ავიაციის მიმართულებას მოვახმართ, რომლის განვითარებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ჩვენ ამაში დიდ ძალისხმევას ჩავდებთ. თბილისის საავიაციო ქარხნის გაძლიერება ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესსა და ძალისხმევას საჭიროებს“, – განუცხადა უჩა ძოძუაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.