ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ​ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დაათვალიერა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საწარმო უახლოეს მომავალში ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებას შეძლებს.

ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“ შპს „დელტა ინტერნეშენალისა“ და პოლონურ კომპანია „ვებე ელექტრონიქსს“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თემაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ.

სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ-ცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ.

სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტაში“ ჯუანშერ ბურჭულაძეს ცენტრის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა იოსებ ლოლაძემ სამხედრო მრეწველობის სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებიც გააცნო.

„დელტაში“ თავდაცვის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები – დავით ჭიჭინაძე და გიორგი ხაინდრავა, ასევე სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს.