უანგ ლეი - საქართველო ცდილობს, წარმატებულად შეასრულოს ხიდის როლი ევროპის მიმართულებით
საქართველო ცდილობს, წარმატებულად შეასრულოს ხიდის როლი ევროპის მიმართულებით და გახდეს გარანტირებული და უსაფრთხო ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ევროპული სახელმწიფოებისთვის, – ამის შესახებ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე ჩინეთის ტიანჩენის საინჟინრო კორპორაციის (TCC) ვიცე-პრეზიდენტმა, უანგ ლეიმ განაცხადა.
მან დისკუსიაზე ენერგომომარაგების თანამედროვე ტენდენციებზე, საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალზე და ამ მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა.
„მომდევნო საუკუნეში ბუნებრივი აირი იქნება უფრო მეტად მნიშვნელოვანი ელექტროენერგიის სექტორისთვის, არამხოლოდ მწვანე გადაწყვეტილებები იქნება მიღწეული, არამედ – ნაკლები ემისია და ნაკლები კვალი. საქართველო ცდილობს, წარმატებულად შეასრულოს ხიდის როლი ევროპის მიმართულებით და გახდეს გარანტირებული და უსაფრთხო ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ევროპული სახელმწიფოებისთვის. ჩვენ პროექტს ვახორციელებთ საქართველოში, ამიტომ კარგად შევისწავლეთ ეს ქვეყანა, მიგვაჩნია, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ამ რეგიონში. ამჟამად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაკვეთით გარდაბანის პროექტზე ვმუშაობთ“, – განაცხადა უანგ ლეიმ.
მისი თქმით, საქართველოში კარგი რესურსია ჰიდროენერგეტიკის განვითარებისთვის.
„განსაკუთრებით ზამთარში ჩვენ ვხედავთ მზარდ მოთხოვნას, რომელსაც ვერ აკმაყოფილებს ჰიდრორესურსები. ელექტრომომარაგების თვალსაზრისით ხელს ვუწყობთ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას ელექტროსაწარმოს აგებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდა სრული წყვეტა ელექტროენერგიის მიწოდების, ამ საწარმოს მეშვეობით კვლავ გაგრძელდება მიწოდება და განაწილება მომხმარებლებზე“, – განაცხადა უანგ ლეიმ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პანელზე – „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე – განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ“, TCC-ის ვიცე-პრეზიდენტმა პროფესიული კადრების მომზადების კუთხით არსებულ მოთხოვნაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს ენერგეტიკულ სექტორში, მზარდ მოთხოვნას ვხედავთ ინჟინრებზე, კვალიფიციურ პერსონაზე, რაც გააუმჯობესებს პროფესიონალურ მომსახურებას. გამოცდილების საფუძველზე, რომელიც მივიღეთ ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობით, გვინდა, ხელი შევუწყოთ „სიცოცხლის ციკლის“ პროექტებს საქართველოსა და სხვა ქვეყნებშიც“, – აღნიშნა ჩინეთის ტიანჩენის საინჟინრო კორპორაციის წარმომადგენელმა.