საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.
უწყების ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
„ზვავსაშიშროების გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ43-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა.
„ზვავსაშიშროების ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
ამასთან, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია.
„თოვის, ქარბუქის და ლიპყინულის გამო, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.